თავისუფალი დემოკრატები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ
პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, იყო რესპუბლიკყრი პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის შექმნის შესაძლებლობა, თუმცა ვერ განხორციელდა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა მძიმე ვითარება, ვინაიდან პარტია დატოვა ბევრმა ლიდერმა, ბევრმა წევრმა. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მიგვეღო თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ მივიღეთ საინტერესო წინადადება, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შევძლებდით საკმაოდ სოლიდურად წავმდგარიყავით ამომრჩევლის წინაშე. ამ პროექტის პირველი საფეხური ითვალისწინებდა ბლოკის შექმნას „რესპუბლიკურ პარტიასთან“. ამ პროქტის შემდეგი ეტაპის განხორციელება აღარ გახდა შესაძლებელი, ჩვენი და “რესპუბლიკური პარტიისგან” დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამიტომ „თავისუფალი დემოკრატები“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აღარ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ არ ვრჩებით პოლიტიკური პროცესების მიღმა, მაქსიმალურად აქტიურად ვართ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქტიურად ვმონაწილეობთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და დავაყენეთ წინადადება ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობის რეგულირების შესახებ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.