სტატიები

რკინიგზის დეპარტამენტის კახეთის რეგიონის თანამშრომლები შიმშილობას იწყებენ

როგორც knews.ge–ს რკინიგზელებმა განუცხადეს, ისინი აქციას რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართავენ. შიმშილობის აქციას რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ორი წევრი შეუერთდება.
„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საზოგადოებას და პირველ რიგში რკინიგზაში დასაქმებულებს, გვერდში დაუდგნენ და მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონის მუშებს, რომელებსაც უსაფუძვლოდ შეუცვალა ადმინისტრაციამ სამუშაო ადგილი და ემუქრებათ სამსახურიდან განთავისუფლება“, – განუცხადეს knews.ge–ს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირების პრეზიდენტმა, ვიტალი გიორგაძემ. 
გიორგაძე მოუწოდებს რკინიგზის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება პროფკაშირთან, მუშათა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
„ვაფრთხილებთ ადმინისტრაციას, რკინიგზელების მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ერთადერთი – დაბრუნდეს მოშიმშილე მუშები საკუთარ რეგიონს და მიეცეთ საშუალება, აკეთონ ის საქმე, რომელსაც ათწლეულების მანძილზე ასრულებდნენ!
შიმშილობის გამოცხადება არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რკინიგზელების ამ მდგომარეობამდე მიყვანის შემთხვევაში დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რკინიგზის დირექტორთა საბჭოს, რომელიც თავის მხრივ ამ დრომდე არიდებს თავს მოლაპარაკებების დაწყებას და მხოლოდ უპასუხისმგებლო და ცილისმწამებულური განცხადებებით შემოიფარგლება.
პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის აქციის მიმდინარეობის პროცესში, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან მოლაპარაკებების არ წარმოების პოლიტიკამ, შესაძლოა ყოველ წუთს და ყოველ წამს დაამძიმოს მათივე კომპანიაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. საფრთხე ექმნება რკინიგზელების სიცოცხლესაც! გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია კომპანიის მენეჯმენტმა დაუყოვნებლივ შეცვალოს მიდგომები და დაიწყოს დიალოგი პროფკავშირთან!
ადმინისტრაციისთვის მიცემული მოლაპარაკებებისთვის საჭირო ვადა დღეს იწურება. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია დღის ბოლომდე არ გადადგამს შესაბამის ზომებს, რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ დაიწყება შიმშილობის აქცია“, – აცხადებენ რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში.
რკინიგზის დეპარტამენტის კახეთის რეგიონის თანამშრომლები უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელიშვილი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. თანამშრომლების ინფორმაციით, რკინიგზის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად აცნობა, რომ მათი სამუშაო ადგილი კახეთის ნაცვლად თბილისი იქნებოდა და მოემსახურებოდნენ მარნეული -გარდაბანის სარკინიგზო ხაზს. 
ერთ-ერთი დასაქმებული, გურჯაანის სალიანდაგო დეფექტოსკოპიის სამსახურის ოპერატორის თანაშემწე უჩა ღვთისიაშვილი ირწმუნება, რომ დოკუმენტში, რომელზეც თავდაპირველად ხელი მოაწერეს, სამუშაო ადგილის ცვლილებაზე არაფერი არ იყო ნათქვამი და ამის შესახებ წინასწარ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები. 
”საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ დაგვიბარა და მოტყუებით ხელი მოგვაწერინა დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონალური სამსახურისთვის სახელის შეცლის შესახებ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და ეწოდოს “სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი”. შემდეგ ერთ კვირაში ისევ დაგვიბარეს თბილისში და გვითხრეს, რომ ჩვენ სამუშაო უნდა დაგვეწყო თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ კახეთიდან თბილისში გადავდიოდით, ხელფასიც არ მოუმატებიათ. გარდა ამისა, ჩვენი ხარჯით უნდა გვევლო, გვეჭამა, ბინის ქირა გადაგვეხადა”, – განუცხადა knews.ge–ს უჩა ღვთისიაშვილმა. 
”საქართველოს რკინიგზაში” სამი თანამშრომლისა და რკინიგზელთა პროფკავშირის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალში განხორციელდა რეორგანიზაცია. მათივე მტკიცებით, მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით თანამშრომლებთან რამდენჯერმე გამართეს საინფორმაციო შეხვედრა, თუმცა არცერთ მათგანს რეორგანიზაციის შესახებ პროტესტი არ გამოუხატავას. რკინიგზის დეპარტამენტში მიუთითებენ, რომ სამუშაო ადგილი არ შეიცვლება. უწყება თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნებისკენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებს.