სტატიები

ვაჩნაძიანში ღვინოსა და ტყლაპს ევროპული ტექნოლოგიით ამზადებენ

ვაჩნაძიანელ ჭიჭიკო გოლეთიანს სოფელში გადამამუშავებელი საწარმო აქვს, რომელიც ყოველწლიურად 120 ტონა ყურძენს ამუშავებს. იგი ამბობს, რომ ყურძენს ადგილობრივებისგანაც იბარებს, თუმცა თავად იტალიური ტექნოლოგიით გაშენებულ ვენახს ფლობს, საიდანაც მიღებული ყურძნით 8 სახეობის ღვინოს აწარმოებს. 
,,ჩვენი ოჯახის მესამე თაობა აწარმოებს ღვინოს. მშობლები მეღვინეები იყვნენ, შეაბამისად მე ბავშვობიდან ჩართული ვიყავი ამ საქმიანობაში. ვენახების და ხეხილის ბაღების გაშენება დავიწყეთ 2000 წელს, სოფელ ვაჩნაძიანში. გვაქვს გაშენებული როგორც ტექნიკური ჯიშები, ასევე სუფრის ყურძნის რამდენიმე სახეობა. პროდუქცია იყიდება თბილისში ჩვენივე რესტორნების ქსელში. ვაჩნაძიანში გვაქვს მცირე ღვინის ქარხანა, რომელიც გადაამუშავებს წელიწადში 120 ტონა ყურძენს. იმ ყურძენს კი, რომელიც გვრჩება და ვერ ვამუშავებთ, ვყიდით’’, – განუცხადა Knews.ge-ს ჭიჭიკო გოლეთიანმა.
მეწარმე ირწმუნება, რომ იგი ღვინოს ფრანგული და იტალიური ტექნოლოგიით აწარმოებს, რომელიც პროდუქციას სხვებისგან გემოვნური თვისებებით და ხარისხით გამოარჩევს. ჭიჭიკოს პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და ამავე დროს ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გადის. 
,,ღვინის წარმოებისთვის ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე იტალიურ და ფრანგულ დანადგარებს. ღვინოს კი ვაძველებთ ფრანგულ მუხის კასრებში. ჩვენ ვაყენებთ საუკეთესო ღვინოს, ერთი ლიტრის ფასი 8 ლარიდან 50 ლარამდეა. მცირე მარნებს აქვთ დიდი პერსპექტივა საქართველოში, რადგან გასტრონომიული კუთხით დიდი დაინტერესებაა ტურისტების მხრიდან. მე ვთვლი, რომ ღვინო არის გასტრონომიული პროდუქტი და ის უნდა იყოს გემრიელი. ბუნებრივია კახეთში მზადდება ბევრი საუკეთესო ღვინო, მაგრამ მცირე წარმოებებს აქვთ შანსი, რომ პრემიუმ კლასის ღვინოები დაამზადონ. რა თქმა უნდა საამისოდ საჭიროა ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება. წარმოებული ღვინო საზღვარგარეთ გავიტანეთ დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ადგილზეც კარგად ვყიდით’’,– განაცხადა მეწარმემ.
ჭიჭიკო გოლეთიანი, ასევე, 55 ჰექტარზე გაშენებულ ხეხილის ბაღებს, მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმას ფლობს. ღვინის გარდა, იგი მურაბებსა ტყლაპს და ტყლაპსაც ამზადებს. 
,,მოგვყავს თითქმის ყველა სახის ხილი ატმის გარდა. გვაქვს მცირე ფერმერული მეურნეობა. გვყავს რამოდენიმე ათეული თხა და დაახლოებით 1000–მდე ფრთა ქათამი. მოგვყავს ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, ბალი, კომში, შინდი, ალუჩა, ტყემალი, კაკალი, ნუში და სიმინდი. გვყავს ქათამი, ვაწარმოებთ კვერცხს. რამდენიმე წელია ავაშენეთ მეცხოველეობის ფერმა, სადაც გვყავს მოშენებული თხები. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ყოველწლიურად ვამზადებთ სახადასხვა სახის მურაბასა და ტყლაპსაც, რომელიც იყიდება ჩვენს რესტორნებში. ამ საქმიანობაში ჩართულია ჩემი ოჯახის ყველა წევრი, დასაქმებული მყავს ადგილობრივები. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა შევქმნათ საუკეთესო და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.’’
მეწარმე სამომავლოდ აგროტურიზმის მიმართულებით აქტიური საქმიანობის დაწყებას გეგმავს. სოფელ ვაჩნაძიანში ჭიჭიკო გოლეთიანს დაგეგმილი აქვს სასტუმრო სახლის აშენება, რაც, მისი აზრით, სოფელში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.