ქართული ასკილი და ჟოლო ექსპორტზე გერმანიაში გავა
2 ტონა გამშრალ ჟოლოს, რომელიც ბიოსერტიფიცირებულია, საწარმო „კახეთი ბიო“ გერმანულ კომპანია „როუზ ოფისს” ნოემბერში გაუგზავნის. როგორც knews.ge-ს საწარმოს დირექტორმა ლიზი ხმიადაშვილმა განუცხადა, კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მეწარმეებისგან და კოოპერატივებისგან იბარებს, რომლებიც სამწლიან პროექტში – „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება – ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“-ში არიან ჩართულები. პროექტს სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, OXFAM საქართველოსა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია BLF-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
“ამ ეტაპზე ითხოვენ 2 ტონა გამშრალ და დაჭრილ მაჟალოს. გერმანიაში ნოემბერში უნდა გავაგზავნოთ. ამავე პტყის ვაშლი სექტემბერში იკრიფება. კოოპერატივები, რომლებიც პროექტში არიან ჩართულნი, შეაგროვებენ და დაჭრიან ამას, რომელსაც ჩირის სახით ვიყიდით. ჟოლოს ჩირი ნოემბერში გერმანიაში უნდა გაიგზავნოს. ამ პერიოდში შემოვა ასკილი, რომელიც ბიოსერტიფიცირებული იქნება. ასკილსაც ჩვენი კოოპერატივები შეაგროვებენ და ასევე მოსახლეობისგან ჩაიბარებენ. გერმანიაში ასკილიც გაიგზავნება“, – განუცხადა knews.ge-ს ლიზი ხმიადაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მაჟალოს გარდა, გერმანიაში, ასევე, იგეგმება ტყის არამერქრული პროდუქტების ფართო სპექტრის, მათ შორის შავი კუნელის, მაყვლის, ბაბუაწვერასა და სხვა კენკროვანი კულტურების ექსპორტზე გატანა.
„ჩვენი დამკვეთი კომპანია „როუზ ოფისი“ ჩვენ მიერ მიწოდებულ პროდუქტს აწვდის მთელი ევროპის მასშტაბით. შარშან გავიტანეთ ფურისულა. წელს დაგეგმილია შავი კუნელის, მაყვლის, ბაბუაწვერას, მელისკუდასა და კრაზანას გავგზავნა“, – ამბობს ლიზი ხნიადაშვილი.
„კახეთი ბიო“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ფუნქციონირებს. კომპანიის საკუთრებაში 15 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია. საწარმოს 10 ჰექტარზე გაშენებული აქვს ეთერზეთოვან „გალიკას“ ჯიშის ვარდის პლანტაცია. ლიზი ხმიადაშვილი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს აიღებს ვარდის მოსავალს, რომელსაც ექსპორტზე, ასევე, ევროპის ბაზარზე გაიტანს.
„ცოტა ხნის წინ გავაშენეთ ეთერზეთოვანი ვარდი., რომელზეც გერმანიაში დიდი მოთხოვნაა. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს პირველი მოსავალი გვექნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 1 ჰექტარზე მოვკრეფთ 5 ტონამდე ვარდს, რომელსაც დავამუშავებთ. სამომავლოდ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება ვარდის მოყვანა და მისი გადამუშავების შედეგად სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოება’’, – აღნიშნავს ხმიადაშვილი.
„კახეთი ბიო“ სამომავლოდ სამკურნალო მცენარეების მოყვანასა და მათ გადამუშავებასაც გეგმავს.