სტატიები

კახეთში ხილის გადამამუშავებელი ქარხნების გახსნას ითხოვენ

ფერმერები და მევენახეები მოყვანილი პროდუქციის გასაღების პრობლემებზე წლებია ჩივიან. ისინი ამბობენ, რომ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელმა კომპანიებმა ნედლეული ადგილობრივი მეწარმეებისგან უნდა ჩაიბარონ. 
,,მოსავალის მოსაყვანათ უზარმაზარი შრომა გვჭირდება, არც სანიაღვრე არხებია მოწესრიგებული და არც წყალი გვაქვს, რომ ხელი შეგვეწყოს. ამდენი შრომისა და ფულის ხარჯვის შემდეგ მოყვანილი პროდუქტები ნაგავსაყრელზე როდემდე გადავყაროთ? ჩალის ფასი აქვს გლეხის ნაშრომს. წელს ატამი და ვაშლატამა მოვიყვანე, მეორეთ ავიღე მოსავალი, მაგრამ მოგება კი არა, ხარჯი, რომელიც გავწიე, ისიც ვერ დავფარე“, – განუცხადა knews.ge–ს გურჯაანში მცხოვრებმა მზეო გულისაშვილი.
,,მე გოგრა მომყავს. გასულს წელს ვერ გავყიდე და ვერც ხარჯი დავფარე. შემოდგომით გოგრა მიწაზე რომ დაალაგო, დალპება, არც სიცივე და ყინვა უხდება, ვერ ვინახავ, არ მაქვს პირობები. იძულებული ვხდები, რომ სეზონზე ჩალის ფასად გავყიდო. გლეხს, ვისაც მუშაობა არ ეზარება, ლუკმა პური უნდა უჭირდეს? სხვა კულტურების მოყვანაც ვცადე გასულ წლებში, მაგრამ შედეგი იგივეა, თუ იხეირებ, ყველა აკეთებს მომავალ სეზონზე და ფასიც ვარდება როგორც ვაშლატამის შემთხვევაში მოხდა. რა მნიშნელობა აქვს რა კულტურას მოიყვან, ფასი რომელს აქვს, ფასი აქვს იმპორტირებულს, თავისივე ქვეყანაში მოყვანილს ვინ აფასებს. უნდა გაიხსნას ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხნები, საწარმოები, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. პროდუქცია კი მთლიანად ექსპორტზე უნდა გავიდეს. არცერთი პროგრამა არ აფინანსებს მსგავს პროექტებს თუ რა ხდება ვერ ვიგებთ? რეალური რაც არის, ის დააფინანსონ, რომ ხალხი სოფლის მეურნეობით დაკავდეს და ქვეყნიდან არ გაიქცნენ?“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში მცხოვრები როლანდ ძებისაშვილი.
ექსპერტები კი პროდუქციის რეალიზაციის ხელისშემშლელ ფაქტორად საკონსერვო ქარხნისა და სამაცივრე მეურნეობების სიმცირეზე მიუთითებენ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ სულხანიშვილი განმარტავს, რომ თუ ფერმერი სამაცივრე პირობებში პროდუქციას ვერ შეინახავს, ეს ფაქტორი მისი სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 
„ატამი მრავალწლიან კულტურებს შორის კახეთის რეგიონში ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ყურძნისგან განსხვავებით, სამწუხაროდ არ არსებობს ატმის გადამამუშავებელი საწარმო. ატამი მალფუჭებადია, ამიტომ საჭიროა მისი კურკამდე გაყინვა და შემდეგ რეალიზაცია. არ გვაქვს სამაცივრე მეურნეობები. სამაციცრე შენახვის დროს კონტროლდება ტემპერატურა და ტენიანობა, რათა პროდუქტი ხანგრძლივად იყოს შენახული და ამის შემდეგ განხორციელდეს პროდუქტის რეალიზაცია“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის ნიკოლოზ სულხანიშვილმა.
ექსპერტები სოფლის მეურნების დარგში პრობლემის მოგვარების კიდევ ერთ ფაქტორად კოოპერატივების შექმნასა და მასში გაწევრიანებას მიიჩნევენ.
,,დარგში დასაქმებულები ეტაპობრივად გადადიან კოოპერატივების შექმნაზე. ეს რეალურად პროდუქციის რეალიზაციის ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება, განვიხილოთ. ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხნების გახსნამდე ეს პრობლემა უნდა მოგავრდეს, უნდა გვესმოდეს, რომ კოოპერაციული სისტემის შექმნა ბევრი პრობლემის გადაჭრის წინაპირობაა. გინახავთ სადმე ატმის კოოპერატივი? ჩვენი ერთ–ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ფერმერები გაერთიანებულიყვნენ ატმის შეგროვების, გასაღების, მარკეტინგისა და გადამუშავების მიმართულებით“, – განუცხადა knews.ge–ს PMC კვლევითი ცენტრის ექსპერტმა ირაკლი კოჭლამაზაშვილმა.