სტატიები

თელავის გაერთიანების შესახებ საჯარო შეხვედრები ამ დრომდე არ გამართულა

ქალაქსა და თემს ბოლო 3 წლის მანძილზე საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვის საშუალება მიეცათ. წელს, ახალი რედაქციის თანახმად, კვლავ ერთიანდება ქალაქი და თემი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თელავის გაერთიანების შესახებ საჯარო შეხვედრები ამ დრომდე არ გამართულა. მათივე განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი ამის შეხებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს.

,,სოფლის ბირჟაზე ამბობდნენ, რომ ქალაქი და სოფლები ერთიანდებაო, მანდ გავიგე. სოფლებში არ გამართულა შეხვედრები, სადაც გაგვაგებინებდნენ რა ხდება ამ საკითხზე. არავის არ გვკითხეს, როცა ქალაქი და სოფელი გაყვეს, მაგრამ გაამართლა. ამან კი არამგონია, გაამართლოს, ისევ ის სიტუაცია იქნება. საკუთარი ფული ჰქონდა სოფელს და რაღაც მაინც კეთდებოდა. ეხლა რა მოხდება, როგორ მოხდება ამისი გადანაწილება”, – ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის მცხოვრები ავთო ჯოხარიძე.

საპირისპიროს ამტკიცებს თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარე. პაატა გიორგობიანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები სოფლებში ჩატარდა.

,,გვქონდა რამდენიმე შეხვედრა როგორც აქ დარბაზში, ასევე სოფლებშიც. ავუხსენით მოსახლეობას საკითხის არსი. სოფლებს არც თანხები შეუმცირდება და არც პროექტები გაჩერდება. სოფლებს მისცემენ გარკვეული რაოდენობის თანხებს, თუმცა ეს საკითხი ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია. საქართველოს მთავრობის პირდაპირი მითითებაა, რომ ქალაქსა და სოფლებში ერთიდაიგივე რაოდენობის თანხა დაიხარჯოს. ამ 3 წელიწადში ყველა ძირითადი პრობლემა თითქმის მოვაგვარეთ. ძირითადი საკითხი რაც დაგვრჩა, არის სასმელი წყლის ხარისხის ამაღლება სოფლებში”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიორგობიანი.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობასთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო.

,,ჩვენი მცდელობის მიუხედავად მთავრობის მხრიდან დიალოგისა და კონსულტაციების გამართვის სურვილი არ დაფიქსირებულა. კანონმდებლობის მიხედვით კი ამას წინ უნდა უსწრებდეს საჯარო განხილვები, რაშიც უნდა იყოს მოსახლეობა ჩართული. უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, – განუცხადა knews,ge-ს საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. პრეზიდენტი არჩევნების დანიშვნის აქტს აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.