სტატიები

,,სურსათის უვლებლობის კუთხით რეგიონებში პრობლემები ისევ მოსაგვარებელია“

ორგანიზაციამ პროექტის „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“ ფარგლებში ამ კუთხით ექსპერტებთან ერთად იმუშავა და მოამზადა სხვადასხვა სახის რეკომენდაცია, რომელიც სამთავრობო უწყებებს უკვე მიეწოდა. ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ 2016 წელთან შედარებით წელს სურსათის უვნებლობის კუთხით მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

,,2016 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგი განვახორციელეთ. გავეცანით იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას და დავამუშავეთ რეკომენდაციები მის მოსაგვარებლად. აქტიური მუშაობის მიუხედავად, კვლავ არსებობს რამდენიმე სფერო, რომლებზეც მეტი ყურადღების გამახვილებაა საჭირო. მოსაგვარებელია არარეგისტრირებული მწარმოებლების საკითხი. დღეს 200 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე სურსათის ბიზნესოპერატორები კვლავ სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩებიან. გარდა ამისა, ჯარიმები ძალიან დაბალია და დარღვევების აღკვეთას ვერ უზრუნველყოფენ, კვლავ ფერხდება სახელმწიფო კონტროლის შედეგების გამოქვეყნება და რაც ყველაზე მთავარია მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის არსებობის შესახებ, რომელზეც საჩივრის დაფიქსირება შეუძლიათ,’’– განუცხადა Knews.ge-ს ქეთევან ვაშაკიძემ.
ქეთევან ვაშაკიძე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული გარკვეული რეფორმები, რომლებიც სისტემაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს, გარდამავალ ეტაპზეა და სიახლეების დანერგვის მიზნით მუშაობა ისევ მიმდინარეობს. იგი აღნიშნავს, რომ ევროპის ფონდის მუშაობის მიზანი არსებული კანონმდებლობის დახვეწა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მათი გააქტიურება და სტანდარტების გაუმჯობესებაა.

,,2016 წელი რეგულაციების და აქტების მიღების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გეგმით რაც იყო გაწერილი მთავრობამ თითქმის შეასრულა და ბევრი რეგულაცია, რომელიც განხორციელდა, არის გარდამავალ პერიოდში. საბოლოო ჯამში კი წინა წლებთან შედარებით სიტუაცია ნაწილობრივ გამოსწორდა.’’
სურსათის ეროვნული სააგენტოში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მომხმარებლების ერთობლივი მუშაობა დადებით შედეგს მოიტანს. მათი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული წარმომადგენლობა სურსათის უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობს და მუნიციპალიტეტებში ბიზნესოპერატორებს თითქმის ყოველდღიურად ამოწმებენ. ფერმერ ქალთა ასოციაციის გამგეობის წევრი ლალი სუხიტაშვილი ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის და სურსათის უსაფრთხოების კუთხით მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდა.

,,მნიშვნელოვანია რომ ხშირად იყოს საუბარი პრობლემებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც მოსაგვარებელია. აუცილებელია მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული. ამ კუთხით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა წლებში და მოსახლეობა ცდილობს უკეთესი პროდუქტი იყიდოს. ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას თავი და არ იყიდოს ქუჩაში გამოტანილი საეჭვო პროდუქტი, რომელიც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.’’