კოლეჯ აისის ლაგოდეხის ფილიალი სექტემბერში გაიხსნება
როგორც knews.ge-ს „აისის“ დირექტორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა განუცხადა, შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე და სასწავლო კორპუსის განახლების გარდა დაგეგმილია სტუდენტების საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციაც.
,,სწავლებისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა. კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია და ამჟამად ავტორიზებულია 49 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლაგოდეხის ფილიალის რეაბილიტაცია, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. შენობაში შშმ პირებისათვის იქნება ადაპტირებული გარემო. ჩვენ დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში გვაქვს ფილიალები, რომელთა რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა“, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ ასლამაზაშვილმა.
პროფესიულ კოლეჯში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. სხვადასხვა პროგრამის ხანგრძლივობა 8-თვიდან იწყება და 3 წლამდე გრძელდება.