სსე კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან 919 ათასი ლარის გადახდას ითხოვს
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, აღნიშნული თანხა 919 016 ლარს შეადგენს.
კახეთის ენერგოსიდტრიბუცია გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიაა, რომელიც 1 აგვისტოს “ენერგო პრო ჯორჯიამ“ შეიძინა. კახეთის ენერგოდისტრიბუცია საჯარო აუქციონზე 21.7 მილიონ ლარად გაიყიდა. შედეგად, ენერგო-პრო თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა. ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია” კი 2008 წლის დეკემბრის ბოლოს აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად შეიძინა ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპმა”, რომელსაც აუქციონის პირობების თანახმად, რეგიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის 15 მილიონი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
,,ახემა-გრუპის” მფლობელობის ქვეშ კომპანია აღმოჩნდა კვლავ გაკოტრების რეჟიმში, რის გამოც “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” ინვესტორს ჩამოერთვა. ენერგოკომპანიის მიმართ გაკოტრების საქმე 2011 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა. კომპანიის ვალდებულებები ჯამურად 21 მილიონ ლარს უტოლდება, რომელიც აუქციონზე გადახდილი თანხით უნდა დაიფაროს.