საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც ჩაერთვება
სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამას მცხეთის, კასპის, ხაშურის, საგარეჯოს და წყალტუბოს მუნიპალიტეტები დაემატა. უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრებს რაციონალურად და სწორად გამოიყენებენ.
,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრების რაოდენობა არანაკლებ 11 მეპაიეს შეადგენს და მფლობელობაში არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული გააჩნიათ, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები და სხვა საჭირო ინვენტარი. კოოპერატივებს ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 0,5 და არაუმეტეს 2 ჰექტარი სათიბი გადაეცემა, ხოლო საძოვრის ფართობი – ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 ჰექტარი”, – განაცხადეს კოოპერატივების განვითარების სააგენტოში.
სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით, სამიზნე მუნიციპალიტეტების რაოდენობა 24-დან 29-მდე გაიზარდა. პროგრამაში ჩაერთულია – წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს – ის დასახლებები, რომლებზედაც „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება ვრცელდება.