EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი კავკასიაში რუსულ კანონზე – ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და გვექნება გზამკვლევი
თუ ეს კანონი დააზიანებს ჩვენს მიდგომას, ამას მომავალში ვნახავთ – ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და გვექნება გზამკვლევი. კანონის მიღებამდე, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რა სახის გზამკვლევი და სამოქმედო გეგმა შეიძლება მოგვეცეს,- ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, რა ღირებულების მატარებელია აღნიშნული კანონი.
„ძალიან რთული კითხვაა, რადგან კარგი პასუხი არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკვირდებით დისკუსიას, თვალს ვადევნებთ ახალ ამბებს. პირადად მე ვეცნობი თუ რა არის ხელისუფლების პოზიცია, თუმცა ასევე მაინტერესებს რა არის ევროკავშირის და არა მხოლოდ ევროკავშირის პოზიციები. როგორც ჩანს, აქ აზრთა სხვადასხვაობაა. იქამდე სანამ კანონი არ მიიღება და მისი იმპლემენტაცია არ დაიწყება, თუ, რა თქმა უნდა, მისი მიღება მოხდება, განცხადებების გაკეთება გაგრძელდება, რაც საერთო სურათს შექმნის. ვფიქრობ, ამის შემდეგ ეს იქნება რეალურ გადაწყვეტილებების მიმღებებზე დამოკიდებული, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შემთხვევაში მეწილეები არიან, ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და გვექნება გზამკვლევი.
იქამდე, რა თქმა უნდა, არ ვიცი რა სახის გზამკვლევი და სამოქმედო გეგმა შეიძლება მოგვეცეს. თუმცა ახლა ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას და მინდა გითხრათ, რომ 2024 წელი ძალიან ძლიერი ოპერაციული წელი იქნება საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ვაპირებთ ინვესტიციების განხორციელებას, მათ შორის, საბანკო სექტორში და ვაპირებთ მცირე ბიზნესის მხარდაჭერას. თუ ეს კანონი დააზიანებს ჩვენს მიდგომას, ამას მომავალში ვნახავთ. ჩემი პერსონალური შეხედულება ამასთან დაკავშირებით ასეთია, მე ვიკითხავდი, რა არის ამ კანონის ღირებულება, თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ის ღირებულია, მიუხედავად იმისა, ჩვენ გვჭირდება თუ არა ასეთი კანონის მოქმედება საქართველოში, ეს ხელისუფლების პრეროგატივაა“,- განაცხადა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.