სტატიები

ბექა მესტვირიშვილი თელავში ატმის არაყს ქვევრში ამზადებს

მისივე ინფორმაციით, ღვინის მარანში ატმის გარდა, სამი სახეობის არაყს აწარმოებენ. 

„ვამზადებთ სამი სახის არაყს: ვაშლატმის, ატმის და შერეულს. მეოთხე ვარიანტიც გვაქვს. როდესაც ვამზადებთ არაყს, ნაყოფს არ ვყრით და ვინახავთ ქოცორში, რომელიც არის პატარა ქვევრი და ინახება ნაყოფთან ერთად. შეგროვილი ატამი იხეჩება. ვაშლატამას ნაკლებად სჭირდება დახეჩვა, რადგან წვნიანია. როდესაც მზად იქნება, იყრება ქვევრებში, სადაც იწყებს დუღილს. ამ პროცესს სჭირდება რამდენიმე დღე. როდესაც მზად არის, ვიწყებთ მორევას. როდესაც მოვრჩებით მორევას, იწყება არყის გამოხდის პროცესი“, – განუცხადა knews.ge–ს ბექა მესტვირიშვილმა. 

მესტვირიშვილებმა ატმის არყის წარმოება ერთი წლის წინ დაიწყეს, თუმცა მცირე რაოდენობით. ბექა ამბობს, რომ პროდუქციის გამოხდა მიმდინარეობს კურკისა და შაქრის გარეშე. მისივე მტკიცებით, გამოხდილი არაყი ბოლომდე ინარჩუნებს ატმის არომატსა და სურნელს. 

„ჩვენი არაყი ნატურალურია და ყოველგვარი დანამატის გარეშე ვაწარმოებთ. არაფერს არ ვამატებთ. ბოლომდე ინარჩუნებს უნიკალურ სუნს. ორი დღის წინ გავხსენით ქვევრი და არაყს ატმის წვენის სუნი აქვს. ამავე დროს არ არის მარტივი დასალევი. 53 გრადუსიანია. არაყი არ არის მძაფრი გემოსა და სუნის მატარებელი, როგირიც ჭაჭაა. ბევრად უკეთესი არომატი აქვს. რაც შეეხება ატმის არყის წარმოების დაწყებას. კახეთში ატმის რეალიზაციის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთმა ტონობით ატამი გადაყარა კიდეც. ატმის ძალიან დიდი ბაღი გვაქვს და მოსავალს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიღებთ. არ ვიცოდით სად წაგვეღო ვაშლატამა და ატამი. მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ ატამი გადაგვემუშავებინა და არყის წარმოება დაგვეწყო. რა თქმა უნდა ძალიან რთულია არყის გამოხდა, მაგრამ ატამი ვერ იყიდება და ბაზარზე პროდუქციის გატანას აზრი არ აქვს. ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. თუ წელს ბევრი გაიყიდება, მოთხოვნა დიდი იქნება და კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ატამი და ვაშლატამა იქნება საჭირო, ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგანაც ჩავიბარებთ“, – ამბობს ბექა მესტვირიშვილი.

ბექა ატმის არაყს კახეთსა და თბილისში ყიდის. 1 ლიტრი არყის ღირებულება 10 ლარია. 

„არყის ყიდვის მსუირველები საკმაოდ ბევრია. ყველა ფიქრიობს, რომ ესენციით დამზადებული არაყია და როდესაც გასინჯავენ არაყს, ძალიან მოსწონთ. ატმის არაყს ვყიდით როგორც თბილისში ასევე კახეთშიც. მსურველებს არყის შეძენა მარან „მესტვირენშიც“ შეუძლიათ. არყის ყიდვის მსურველები სოციალური ქსელის მეშვეობითაც გვიკავშირდებიან“, – აღნიშნავს „მესტვირენის“ ხელმძღვანელი. 

მესტვირიშვილების ღვინის მარანში ატმის არყის გარდა, საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან ჩამოსასხმელი ქვევრის ღვინოც მზადდება. ერთი ლიტრი რქაწითელის ღირებულება 6 ლარია, ხოლო საფერავის ფასი კი 8 ლარით განისაზღვრება. გარდა ამისა, მესტვირიშვილები კონიაკსაც აწარმოებენ. სამომავლოდ ბექა წარმოების გაფართოებას და ატმის არყის, კონიაკისა და ღვინის ბოთლებში ჩამოსხმას გეგმავს.