სტატიები

ფერმერები პროდუქციის პოპულარიზაციას ევროპის მეწარმეთა ქსელის მეშვეობით შეძლებენ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ნინო ჩიქოვანის ინფორმაციით, სერვისზე ,,მოიძიე პარტნიორი“ მოთხოვნა თანდათან იზრდება. 
,,ამ პლატფორმაში გაწევრიანებით სავაჭრო-სამრეწველო პალატა ხელს შეუწყობს კომპანიებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში, რომ თავიანთი პროდუქციის და კომპანიის პოზიციონირება ევროპის ყველაზე დიდ მეწამეთა ქსელში შეძლონ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სააგენტოებს, ვისთან ერთადაც მემორანდუმი გავაფორმეთ“, – აღნიშნავს ნინო ჩიქოვანი.
კახელი ფერმერები წლებია ევროპის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებსა და ფინანსების ხელმისაწვდომობაზე მეტ ინფორმაციას ითხოვენ. ქეთინო შაიშმელაშვილი, პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებს. მას ბიზნესსაქმიანობის პოპულარიზაციის პრობლემაზეც მიუთითებს. იგი საკუთარ პროდუქტებს სოფლის შარაგზაზე ყიდის. მეწარმე ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებაა.
,,გაჭირვებით ვყიდი სოფლის ნატურალურ პროდუქტს, როდესაც ასეთივე, მაგრამ კარგად შეფუთული პროდუქცია მაღალ ფასში იყიდება. საკმარისი თანხა არ მაქვს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ვაწარმოო პროდუქცია და არც ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი. ჩენი პროდუქტის პოპულარიზაციაში თუ დახმარებას გაგვიწევენ, მუშაობის მეტი მოტივაცია გაგვიჩნდება”, – განუცხადა knews.ge-ს შაიშმელაშვილმა.
ექსპერტები ამ მიმართულებით რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმზე საუბრობენ და სხვადასხვა სახის ცნობიერების ამაღლების კამპანიის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ისინი საინფორმაციო ცენტრების გახსნის აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
,,სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულ მოქალაქეებს უნდა ქონდეთ სრული ინფორმაცია თუ რა პერსპექტივები აქვს ქართულ პროდუქციას ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისთვის”, – განუცხადა knews.ge-ს ,,ერთად შევეგებოთ ევროპას’’ წარმომადგენელმა თამუნა ხურციამ.
კახეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების 2014-2021 წლის გეგმის მიხედვით, რეგიონის განვითარების მთავარი შესაძლებლობა აგრო მეურნეობების მოდერნიზაცია და სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდის ხელშეწყობაა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.