სტატიები

რძის ფხვნილზე დამზადებული ყველისებრი პროდუქტის წარმოება არ იკრძალება

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი მიქაძესგანცხადებით, რძის ფხვნილზე დამზადებული ყველისებრი პროდუქტის წარმოება არ იკრძალება. 

,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ახალი რეგულაციების მიხედვით, თუ დამტკიცდა, რომ რძის ფხვნილია გამოყენებული ყველის წარმოებაში ნედლეულად, ამ შემთხვევაში ეს არის ეტიკეტირების წესის დარღვევა და ითვალისწინებს 400-ლარიან ჯარიმას”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი მიქაძემ.

მისივე განმარტებით, რძის ფხვნილზე დამზადებული ყველისებრი პროდუქტი აკრძალული არ არის, თუმცა მას ყველი არ დაერქმევა.

,,მნიშვნელოვანი მეწარმეებისთვის და მომხმარებლისთვის არის ის, რომ დარეგულირდა ტერმინი – ყველის განმარტება და იქ ჩაიწერა, რომ არ შეიძლება რძის ფხვნილის აღდგენის შედეგად მიღებულ რძის ნაწარმს დაერქვას ყველი. ის წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ რძისგან. მეორე ცვლილება არის კარაქთან დაკავშირებით. 39%-დან 79%-მდე რძის ცხიმის შემცველობის შემთხვევაში მეწარმეს შეუძლია და არქვას თავის პროდუქტს კარაქი, ოღონდ შემცირებული რძის ცხიმით”, – აღნიშნა გიორგი მიქაძემ.

მისივე თქმით, თუ რძის ფხვნილი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არ არის მავნებელი. მიქაძის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია მერძევეობის განვითარება. 

”რძის ფხვნილი არ არის მავნებელი თუ ის სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ჩვენ გვინდა, რომ მერძევეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ასევე, მომხმარებლებისთვის მისაღებია პროდუქტი, რომელიც დამზადებულია რძისგან”, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.

მისივე განცხადებით, წელს დარღვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

საწარმო „ცივის ყველის“ დირექტორი გოჩა ღაღაშვილი კი საუბრობს ცვლილების შემდეგ რძის საწარმოების საქმიანობის მკაცრი კონტროლის აუცილებლობაზე. 

,,ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ცვლილება აქამდეც უნდა განხორციელებულიყო. აღდგენილ რძეს რომ დაემატება მცენარეული ცხიმი, იმისგან რა ყველი უნდა დამზადდეს. მთავარია რომ შემდგომში მკაცრად გაკონტროლდეს და ის საწარმო, რომელიც რძის ფხვილისგან აწარმოებს კარაქს ან ყველს, უნდა დაჯარიმდეს და ეს ცვლილება მხოლოდ ფურცელზე არ უნდა დარჩეს“, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას გოჩა ღაღაშვილი.

მეწარმეები არარეგისტრირებული და რეგისტრირებული მწარმოებლებისთვის დღეისთვის შექმნილ არათანაბარ პირობებზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ადგილობრივი ბაზრის ის ნაწილი, რომელიც არარეგისტრირებული მწარმოებლების პროდუქციას უჭირავს,  დიდია და ისინი რეალიზების პრობლემის წინაშე დგანან.

ფერმერთა ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელის, კომპანია ,,შირაქის პროდუქტების“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძეს თქმით, აუცილებელია სავალდებულო გახდეს ყველა სახის პროდუქციის ეტიკეტირება და მოხდეს ბაზრების გაკონტროლება.

,,იმისთვის, რომ პრობლემები დროულად მოგვარდეს, უნდა დარეგისტრირდნენ ის არარეგისტრირებული მეწარმეები, ვინც ამ კუთხით საქმიანობენ. ჩვენ არ ვითხოვთ ვინმეს დასჯას, გვინდა თანაბარ კონკურენტუნარიან პირობებში ჩადგეს ყველა მეწარმე. აქედან გამომდინარე,გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები გადასახადს გადაიხდიან ბიუჯეტში, მოსახლეობას ექნება სშუალება უსაფრთხო პროდუქტი მიირთვას. ეს კი ხელს შეუწყობს დარგის გადარჩენას დარძეზეც უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება’’,– განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის ხელმძღვანელი მოსალოდნელ ცვლილებას დადებითად აფასებს. ანა მიქაძე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს არა მარტო გადამამუშავებელი ინდუსტრიის, არამედ მცირე წარმოების განვითარებას. 

„გლეხს რძის რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. ყველს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, დაერქმევა, რომ უნდა იწარმოებოდეს რძისგან. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია როგორც მცირე მეწარმეებისათვის, ისე გადამამუშავებელი საწარმოებისთვის“, – აღნიშნა knews.ge–სთან საუბრისას ანი მიქაძემ.