ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს – ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია, გამოხატეთ პროტესტი

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ.
„შეუძლებელია, ვერ ხედავდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, დაპირისპირებაში შევიდეს ჩვენს პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან, რაც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციასა და რუსეთის გავლენის სფეროში, ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში მოხვედრას უქადის.

თქვენ ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდით საქართველოს ნატო-სა და ევროპულ კავშირში გაწევრიანების მიზანს. თქვენ კარგად იცით, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაციიდანაც, რომ „რუსული კანონის“ მიღება საბოლოოდ ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროპული კავშირისკენ, ნატო-სკენ და მარტო დატოვებს ქვეყანას რუსული საფრთხის წინაშე.

ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებასა და საქართველოს მოკავშირეებთან დიპლომატიურ პაექრობაში შესვლას გავალებთ, ეროვნული ინტერესებისა და პროდასავლური პოლიტიკის მიმართ თქვენს ერთგულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“ – ნათქვამია მიმართვაში.