ბორელი მკაცრად გმობს საქართველოში მომიტინგეთა მიმართ ძალადობას
1 მაისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა „მკაცრად დაგმო“ საქართველოში მომიტინგეების მიმართ ძალადობა.
მან განაცხადა, რომ მომიტინგეები „უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ“.
„საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია“, — წერს ბორელი X-ზე (ყოფილი Twitter).
24 აპრილს ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა. მან ასევე დასძინა, რომ ეს კანონპროექტი „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისი მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს წინსვლას ევროკავშირის გზაზე“.