ყვარელში წარმოებული ღვინო 30 ქვეყანაში იყიდება
კომპანია ამ დროისთვის რქაწითელს, საფერავს, წინანდალს, ნაფარეულს, მუკუზანს, ტვიშს, ახაშენს, ქინძმარაულს, ხვანჭკარას, ოჯალეშს და 26 სხვა სახეობის ღვინოს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებლები ძმები გიორგი და ზურაბ მარგველაშვილები არიან.
როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, ,,თბილღვინო’’ 1962 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე წელიწადში დაახლოებით 3-4 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებენ.
,,ჩვენი ღვინოების ექსპორტი ბევრ ქვეყანაში ხდება, ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც დიდი რაოდენობით ღვინო ევროპის ქვეყნებში გასაყიდად გაგზავნა. ,,თბილღვინოს“ ღვინოები იყიდება ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, კანადაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, შვედეთში, ჩინეთში, გერმანიაში, ინგლისში, ჰონგ–კონგში, ინდოეთსა და სხვა დიდ ქვეყნებში. 2010 წლიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ჯერ ქვევრის თეთრი ღვინის წარმოება და უკვე 2012 წლიდან დავიწყეთ ქვევრის საფერავის წარმოება. ამ ეტაპზე 4 მილიონ ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა მისი რაოდენობა 7 მილიონ ბოთლამდე გავზარდოთ’’, – განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
ზურა ამბობს, რომ კომპანია ღვინოს როგორც ძველი ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული მეთოდით აწარმოებს.
,,1999 წელი იყო პირველი წელი, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად, ყოველ დილით მივდიოდით კახეთში, ვყიდულობდით ყურძენს და საღამოობით ვბრუნდებოდით. ეს იყო ჩვენი პირველი რთველი, თუმცა ფული ცოტა გვქონდა და მხოლოდ თეთრი ყურძნის შეძენას გავწვდით, წითლისთვის ფული არ გვქონდა. 1999 წელს მიღებული ღვინო მასალებიდან 2000 წლის ზაფხულში შევქმენით პირველი ასორტიმენტი, რომელიც უკვე ჩვენ მიერ შეძენილი ყურძნიდან მიღებული ღვინომასალით იყო დამზადებული. მართალია ეს ჯერ თეთრს ეხებოდა, მაგრამ შემდეგი წლიდან უკვე წითელიც დაემატა. ჩვენი ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ “თბილღვინო”ყოფილიყო პასუხისმგებელი საწარმოს მიერ ჩამოსხმულ თითოეულ ბოთლზე’’– განუცხადა knews.ge-ს ზურა მარგველაშვილმა.
„თბილღვინო“ ყვარელში ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოსთან ერთად 165 ჰექტარზე ფლობს საფერავის ჯიშის ყურძნისგან გაშენებულ ვენახს, რომელიც აღჭურვილია წვეთოვანი საირიგაციო სისტემით. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ისინი თითოეულის ჯიშის ყურძნისგან აყენებენ ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნური თვისებებით 5–6 სახეობის ღვინოს.
,,ჩვენ გვაქვს ყურძნის ჯიშების და, ასევე, კლიმატური მიკროზონების მრავალფეროვნება. ერთსა და იმავე ყურძნის ჯიშისგან ჩვენ ვიღებთ გემოვნური თვისებებით განსხვავებულ ღვინოს იქიდან გამომდინარე, თუ რომელ მიკროზონაშია მოყვანილი. მაგალითად, ”საფერავისგან” ჩვენ ვაკეთებთ ”ნაფარეულს”, ”მუკუზანს”, ”ახაშენს”, ”ქინძმარაულს”. ანუ ერთსა და იმავე ყურძნის ჯიშიდან 5-6 სხვადასხვა ტიპის ღვინო გამოდის. ეს ყველაფერი ღვინოს ხდის საინტერესოს. როდესაც იღებს ღვინის მოყვარული ან პოტენციური მყიდველი ან იმპორტიორი ინფორმაციას, ინტერესდება ამ ღვინით. ღვინო უნდა იყოს უნიკალური, განსხვავებული, ხარისხიანი. ჩვენი ვენახებიდან მიღებული ყურძნის მოსავალის გარდა, კომპანია, ასევე, სეზონზე სხვადასხვა რაოდენობის ყურძენს გლეხებისგანაც იბარებს’’, –აღნიშნავს ზურა მარგველაშვილი.
კომპანია, ასევე, აწარმოებს რამდენიმე სახეობის ჭაჭასაც, რომელიც ღვინოსთან ერთად უცხოურ და ქართულ ბაზარზე იყიდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
,,ვქმნით ახალ სავაჭრო ნიშანს კონკრეტული ბაზრებისთვის. ასევე ჭაჭის წარმოების გაზრდას ვგეგმავთ მოთხოვნიდან გამომდინარე. ვაპირებთ ახალი პროდუქციის გამოშვებას, რომელსაც სიურპრიზად შემოვინახავთ.’’
„თბილღვინო“ სამომავლოდ წარმოების გაფართოებას გეგმავს.