ვიდეორეპორტაჟი

ქუმელი – უძველესი ტრადიციული თუშური დელიკატესი

 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ლევან მიქელაძე 6 წელია ტრადიციულ თუშურ დელიკატესს უძველესი მეთოდით აწარმოებს. მიქელაძე ამბობს, რომ ქუმელს ამზადებს მხოლოდ ქერის მოხალული მარცვლებისგან და მის შემადგენლობაში სხვა მარცვლეული კულტურები არ შედის. 
„ქუმელი არის ტრადიციული თუშური საკვები. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე მთაში, ბარში ამზადებდნენ, მიირთმევდნენ. ნაღდი ქუმელი მზადდება ქერისგან, რატომ? თუშეთში ადრე მხოლოდ ქერი და შვრია მოდიოდა. იქ არც სიმინდი მოდიოდა და არც ხორბალი, რადგან თუშეთი ზღვის დონეზე ძალიან მაღლა მდებარეობს. ეხლა კი ურევენ ხორბალს, სიმინდს. ასაკიანებისთვის მშვენიერი საჭმელია. ჩვილი ბავშვის კუჭი ვერ ინელებს და ამის მირთმევა უჭირს. შესაძლოა ძალიან ცოტა რაოდენობით გაურიო თეთრი სიმინდი, რომელიც არის მსუბუქი, ყვითელთან შედარებით მძიმეა. რაც მე წავიკითხე და წინაპრებმა გადმომცეს, ნატურალური ქუმელი ქერისგან მზადდება“, – განუცხადა knews.ge–ს ლევან მიქელაძემ. 
ლევანი ქუმელის დამზადებას ქერის მოხალვით იწყებს. მოხალული ქერი დასაფქვავად მიაქვს სოფელში არსებულ ერთადერთ წისქვილში. ის ამბობს, რომ წისქვილი ხშირად არ მუშაობს, რაც ქუმელის წარმოების პროცესს აფერხებს. 
„ქერი იყრება სპეციალურად გამზადებულ სახალში, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტისაა. აქ ბებიაჩემი ხალავდა. ქერი ცეცხლზე, იხალება, ოღონდა ერთი განსხვავებაა, აქ უნდა მალ–მალე რევა, რომ ქერი არ დაიწვას. თუ ქერი დაიწვა და გაშავდა, ქუმელი მწარდება, მისი მირთმევა არასასურველია. მოხალული ქერს ვფქვავ წისქვილში. წისქვილშიც პატარა პრობლემა მაქვს. თუ ზამთარში ყინვაა, წყალი იყინება. ზაფხულში კი საკარმიდამო ნაკვეთები და მინდვრები ირწყვება. ფატობრივად წყლის დეფიციტია“, – აღნიშნავს ლევან მიქელაძე. 
ჩვილებისთვის ქუმელისგან ამზადებენ ფაფებს, ასევე, წყალში მოზელილ გუნდებს ე.წ. გორდილებს, რომელსაც მწყემსები საკვებად იყენებენ. თუშური დელიკატესი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის გამოიყენება. 
„ქუმელი ლაბორატორიაში შემოწმებულია. ქუმელი ავითარებს ტვინის სისხლძარღვებს, გულისთვისაა კარგი, მწყობრში მოჰყავს კუჭ–ნაწლავის სისტემა, დადებითად მოქმედებს მეორე დღეს ნაბახუსევზე. ჩვილი ბავშვისთვის ეს არის მისწრება“, – აღნიშნავს თუში მეწარმე. 
„ბავშვობიდან ქუმელით ვართ გაზრდილები. შიმშილის პერიოდი გავიარეთ და ჯანმრთელობა, კუჭ–ნაწლავი ქუმელმა შეგვინახა“, – განუცხადა Knews.ge–ს სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებმა ნიკოლოზ არინდაულმა. 
ამჟამად ქუმელის დამზადების ტრადიცია ფაქტობრივად დავიწყებას არის მიცემული. ტრადიციულ თუშურ საკვებს სოფელ ზემო ალვანში ლევანის გარდა სულ რამდენიმე ადამიანიღა აწარმოებს.
„ქუმელს ძალიან ცოტა თუშიღა აწარმოებს. მთავრობამაც ხელი უნდა შეუწყოს ამ სიკეთეს, რომელიც კარგი არის ბავშვებისთვის“, – აღნიშნავს სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებმა ნათელა ცისკარიშვილმა. 
სპეციალურ პარკებში დამზადებული ქუმელი 3,5 ლარად იყიდება ახმეტაში, თელავსა და თბილისში. ლევან მიქელაძე ამბობს, რომ ქუმელზე მოთხოვნა თანდათან იზრდება და სამომავლოდ წარმოების გაფართოებას გეგმავს. თუ ის საკმარის ფინანსურ რესურსს მოიპოვებს, ის აპირებს ქუმელის სახლის აშენებას, სადაც ელექტრონულ საფქვავსა და მცირე ზომის წისქვილს მოაწყობს.