სტატიები

კახელი ფერმერები ტონობით ატამს ყრიან

გლეხები აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ ამოქმედებულა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მოსავალს ჩაიბარებდა. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ატმის ბაღების გაჩეხვით იმუქრებიან. 
„1 კილოგრამი ატმის ფასი 20–დან 30 თეთრამდეა, მაგრამ მაინც ვერ ვყიდით. იძულებულები ვართ ატამი გადავყაროთ, რადგან გვილპება. ხევებთან ატმით სავსე მანქანების რიგია. არ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ მოგვხედოს და დაგვეხმაროს გაყიდვაში. ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებისთვის ვახსენდებოდით, დაიოდნენ და ხმის მიცემას გვთხოვდნენ. ეხლა კი ყურადღებას არ გვაქცევენ. თუ ატამს ვერ გავყიდი, იძულებული გავხდები ატმის ბაღები გავჩეხო“, – განუცხადა knews.ge–ს გურჯაანში მცხოვრებმა ფერმერმა ლერი გოგიაშვილმა. 
„ახმეტის პლანტაციები რამდენიმე ჰექტარზე მაქვს. სად წავიღო? სად გავყიდო? არც საკონსერვო ქარხანაა, მთავრობა ხომ უნდა ზრუნავდეს? თუ ვერ გავყიდე, არხში გადავყრი. სხვა გზა არ მაქვს“, – აღნიშნა Knews.ge–სთან საუბრისას ფერმერმა. 
ფერმერები ამბობენ, რომ ბანკიდან დიდი რაოდენობით სესხი აიღეს, თუმცა მის დაფარვას ვერ ახერხებენ. გლეხების მტკიცებით, ატმის გაყიდვით მიღებული თანხა მათი ერთადერთი შემოსავალია. მათივე თქმით, თუ მოსავლის გაყიდვას ვერ შეძლებენ, ფინანსური დავალიანების დაფარვის მიზნით შესაძლოა საცხოვრებელი სახლების გაყიდვა მოუწიოთ. 
,,წელს ატამი და ვაშლატამა გადასაყრელ ფასებშია. იმდენად ცოტა იყიდება, რომ ნახევრის გადაყრა გვიწევს. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ბანკიდან 6000 ლარი ავიღე, მაგრამ ვერ ვახერხებ დაფარვას. ბანკში ფული საერთოდ ვერ შევიტანე. 300 ლარის ატამიც კი ვერ გავყიდე. თუ ატამს ვერ გავყიდი, იძულებული ვიქნები, სახლი გავყიდო“, – განუცხადა knews.ge–ს ლადო მაისურაძემ. 
პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ საზღვარზე აზერბაიჯანის მხარემ გაზარდა ხილისა და ბოსტნეულის განბაჟების ღირებულება, რის გამოც ატმის ექსპორტი შეწყდა. 
„ადრე აზერბაიჯანიდან შემოდიოდნენ და მიჰქონდათ ატამი. ეხლა საბაჟოზე გადასახადი გაუზრდიათ. აზერბაიჯანელები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, იქით აღარ გადადიან. ჩვენმა მთავრობამ ხომ უნდა გააკეთოს რაღაცა, რათა აზერბაიჯანიდან მანქანები ისევ შემოვიდნენ, რომ ჩვენი ატამი წაიღონ“, – აღნიშნავს ჯემალ ღარიბაშვილი. 
ექსპერტები პროდუქციის რეალიზაციის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევს ატმის კოოპერატივებში ფერმერების გაერთიანებას მიიჩნევენ
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაიწყო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა, ჩვენ ვერ ვნახეთ ატმის კოოპერატივი. ჩვენი ერთ–ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ფერმერები გაერთიანებულიყვნენ ატმის შეგროვების, გასაღების, მარკეტინგისა და გადამუშავების მიმართულებით“, – განუცხადა knews.ge–ს PMC კვლევითი ცენტრის ექსპერტმა ირაკლი კოჭლამაზაშვილმა. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ატმის გაყიდვის პრობლემა არ არსებობს და გლეხებს მოსავლის ჩაბარება ხილის გადამამუშავებელ საწარმოში შეუძლიათ. ფერმერები კი არ გამორიცხავენ, რომ მომავალ წელს ატმის მაგიერ სხვა კულტურის მოყვანა დაიწყონ.