სტატიები

„საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებები აღმოფხვრის პოლიტიკური ინტერესების გატარებას“

2017 წლის 1 ივლისს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა ამბობს, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამსახურებში ყურადღება გამახვილდება მოხელის გამოცდილებაზე და არა მის პარტიულ კუთვნილებაზე.

„კანონში შესული ცვლილებები საჯარო სამსახურში პოლიტიკური ინტერესების გატარებას მაქსიმალურად ამცირებს. კანონში გაჩნდა მუხლები, რომლებიც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურებში პარტიული ინტერესების გატარების აღმოფხვრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია“, – ამბობს ეკატერინე ქარდავა. კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრა მოხელეთა შეფასების სისტემა. რეგიონის განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლოლაძე ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება საჯარო მოხელეების დაუსაბუთებლად გათავისუფლებას მაქსიმალურად შეამცირებს. სიახლეა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირისთვის კლასის მინიჭების საკითხიც.

„ამ კანონის საფუძველზე დაცული გახდა საჯარო სამსახური და საჯარო მოხელეები. ნებისმიერი საჯარო მოხელის გათავისუფლება შეუძლებელი იქნება თუ მან არ ჩაიდინა მძიმე დისციპლინარული გადაცდომა და ზედიზედ ორჯერ მიიღო უარყოფითი შეფასება. კანონის მიხედვით განისაზღვრა, რომ სამსახურის უფროსმა უნდა შეაფასოს საჯარო მოხელე. შესაძლოა ხელმღვანელმა საჯარო მოხელე შეაფასოს არა კანონის დაცვით, არამედ პირადი შეხედულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეს შეუძლია შეფასების პროცესში მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი და ისიც მონაწილეობდეს ამ შეფასებაში. ასევე სიახლეა კლასების მინიჭების პრინციპის შემოღება. საჯარო სამსახურში მუშაობის ერთი წელი ერთ კლასს უდრის. სულ იქნება 12 კლასი. ამ სიახლის მოტივი ისაა, რომ პირს, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, სტაჟისა და გამოცდილების დაგროვების მეტი მოტივაცია ჰქონდეს. თუ საჯარო მოხელე წამოვა სამსახურიდან მას შეუნარჩუნდება ის კლასი და სტაჟი, რაც დააგროვა“, – განუცხადა knews.ge–ს ნინო ლოლაძემ.

მისივე ინფორმაციით, ცვლილებით გათვალისწინებულია მოხელეთა ოთხდონიანი რაგირების სისტემა. ლოლაძე მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი კარიერულ წინსვლის პრინპიპზეც ამახვილებს ყურადღებას.

„საჯარო სამსახურში 4 რანგი განისაზღვრა. საჯარო მოხელეებმა რომ მიაღწიონ უმაღლეს რაგნს, ყველა ეტაპი უნდა გაიარონ. კანონით, ასევე, განისაზრა ღია და დახურული ტიპის კონკურსები. ღია კონკურსი გამოცხადდება მხოლოდ მეოთხე რანგის საჯარო მოხელეზე, სადაც საუბარია უმცროს სპეციალისტზე. ეს ყველაზე დაბალი რანგია. I, II და III რანგზე იქნება დახურული კონკურსები და მხოლოდ საჯარო მოხელეებს ექნებათ მონაწილეობის უფლება. რაც მთავარია, საჯარო სამსახური გახდა კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული. ახალგაზრდები, რომლებიც დაიწყებენ საჯარო სამსახურს, ისინი განიცდიან კარიერულ წინსვლას. საჯარო მოხელე შეუძლია გახდეს ნებისმიერი მოქალაქე 18 წლიდან“, – აღნიშნავს ლოლაძე.

კანონსი შესულ ცვლილებებთან შენიშვნები აქვს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს. ქალაქ თელავში მცხოვრები ბექა ყარაულაშვილი მიიჩნევს, რომ ოთხივე რანგის თანამდებობის დაკავება ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს იმის მიუხედავად დასაქმებულია თუ არა საჯარო სამსახურში. ყარაულაშვილის შეფასებით, კანონსი შესული ეს ცვლილება სერიოზული ხარვეზია.

„იმ პირს, რომელსაც აქვს კერძო სამსახურში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, მაღალი რანგის თანამდებობაზე მუშაობის დაწყება ეზღუდება. ჯერ მას დაბალი რაგნის პოზიციაზე მოუწევს მუშაობის დაწყება და შემდეგ სამსახურის უფროსმა უნდა შეაფასოს მისი კვალიფიკაცია და ამის მიხედვით დაწინაურდეს. შესაძლოა სამსახურის უფროსს ნაკლები კვალიფიკაცია ჰქონდეს, ვიდრე მეოთხე რანგზე მყოფ საჯარო მოხელეს, რომელმაც დიდი გამოცდილების მიუხედავად ყველაზე დაბალი რანგის თანამდებობა დაიკავა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დასაქმდეს ნებისმიერი რანგის თანამდებობაზე“, – განუცხადა knews.ge–ს ბექა ყარაულაშვილმა.