კახეთის ბაზრები სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
თბილისსა და რეგიონებში 11 სავაჭრო ცენტრი დაიწვა. აღნიშნული კუთხით მძიმე მდგომარეობაა მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აგრარულ ბაზრებში, სადაც ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი და ამავე დროს ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ხორციელდება.
თელავის აგრარულ ბაზარში წლებია სახანძრო უსაფრთხოების წესებს ვერ იცავენ. ბაზრის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ სახიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული თემის გააქტიურების შემდეგ ბაზარში სახანძრო უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება დაიგეგმა. მისი თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე, 5 ადგილზე ცეცხლმაქრი მოწყობილობა დამონტაჟდება,
,,ამ ეტაპზე სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ინფრასტრუქტურა არ გვაქვს მოწყობილი. ძალიან გვინდა ადგილზე დავამონტაჟოთ 5 ცეცხლმაქრი მაინც. ჩვენ გვქონდა თათბირი სამსახურში და დავგეგმეთ სხვადასხვა ღონისძიების გატარება. უკვე ვიყავი მისული საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონალურ სამმართველოში და ვესაუბრე მეხანძრეებს, გავიარე მათთან კონსულტაციები. გადავწყვიტეთ სახანძრო სამსახურთან ხელშეკრულების გაფორმება. გარდა ამისა, გვინდა გავაფრთხილოთ ბაზრის მცველები, რომ მთელი ღამე არ დაიძინონ და აკონტროლონ სიტუაცია, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი ყველა საფრთხე’’,– განუცხადა knews.ge ვლადიმერ სახიაშვილმა.
ამ მხრივ გამონაკლისი არ არის ახმეტის აგრარული ბაზარიც, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ბაზრის მფლობელი ომარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ბევრი კერძო მაღაზიაა, რომელთა მფლობელებმაც თავად უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები.
,,ბაზარში ცეცხლმაქრები არა გვაქვს, არც ადრე გვქონია. აქ კერძო მაღაზიებია და ცარიელი დახლები. მაღაზიების მფლობელები სხვები არიან და მათ უნდა იზრუნონ სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ცარიელ დახლებზე კი ვერაფერს გავაკეთებთ, აზრიც არ აქვს არაფრის გაკეთებას. მაგალითად: თელავის ბაზარი გადახურულია, ახმეტის კი არა, თან თვეში 4 დღით იხსნება’’,– განუცხადა Knews.ge-ს ომარ ნონიაშვილმა.
ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ხორციელდება გურჯაანის აგრარულ ბაზარშიც. დირექტორი ლამარა აკოფაშვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აზრს ვერ ხედავს და მიზეზად ახალი ბაზრის აშენებას ასახელებს.
,,გურჯაანის აგრარული ბაზარი საფრთხის წინაშე დგას იმიტომ, რომ ინფრატრუქტურა სათანადოდ არ არის მოწყობილი. სახანძრო უსაფრთხოების წესებსაც ვერ ვიცავთ. დაგეგმილია, რომ ეს ბაზარი დაინგრას და ახლიდან აშენდეს, ამიტომ არ აქვს აზრი და არც ღირს რაიმეს გაკეთება“.

