ნუკრიანში საზაფხულო სკოლა გაიხსნა
,,ნუკრიანის სათემო კავშირს ახალი შენობა აქვს და დღეს ახალმოსახლეობა ვიზეიმეთ. ეს არის ძველი ბინა, რომელიც იყო დაკეტილი. ჩვენ მივხედეთ, გავასუფთავეთ. ეს ყველაფერი გაკეთდა შემოწირულობებით, ხანძრის შემდეგ ანგარიში გვქონდა გახსნილი. ასევე, გავმართეთ ახალი პროექტის, ახალგაზრდა გიდების სკოლის პრეზენტაციაც. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, ნუკრიანში ინოვაციურ პროექტს განვახორციელებთ. განახლებული ძალებით და ჩვეული ენთუზიაზმით ნუკრიანის სახელოსნოები აგრძელებს მუშაობას“, – ამბობს მაია ბიძინაშვილი.
მისივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც სოფელ ნუკრიანში ტურისტული მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს, 4 თვე გაგრძელდება. ბიძინაშვილის მტკიცებით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია.
,,ახალგაზრდა გიდების სკოლაში თითოეულ მონაწილეს თითო მოდულზე გადასახდელი ჰქონდა 20 ლარი. სიღნაღის გამგეობის მიერ ახალგაზრდების ამ კომპონენტის დაფინანსება მოგვცემს საშუალებას, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს პროექტში. გადავარჩიეთ და უკვე დავუკავშირდით 22 აპლიკანტს, რომლებიც გაივლიან კურსს. შემდეგ 2 მოდულზე უფროსი ასაკის ხალხსაც ჩავსვამთ, მაგალითად, მათ, რომლებსაც ტურისტული მიმართულებით მცირე გრანტები დაუფინანსდათ ელკანადან, როგორიცაა საოჯახო სასტუმრო, კვებითი ობიექტი და სხვა. მათ მივცემთ საშუალებას, გაეცნონ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ მათ დასახმარებლად შევქმნათ ვებ-გვერდი ,,ტურისტული ნუკრიანი“, სადაც განთავსდება იმ ობიექტების ფოტოები, რომლებიც ნურიანში ფუქნციონირებს, რათა ტურიზმმა სოფელში მეტი შემოსავალი მოიტანოს“, – აღნიშნავს მაია ბიძინაშვილი.
გიდების სკოლის გარდა, სამომავლოდ საზაფხულო სკოლაში ამოქმედდება სპეციალური კურსი – სოფლის ტურიზმი. მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც განივითარონ.
,,პრაქტიკული სამუშაოს დროს სტუდენტები ითანამშრომლებენ ტურისტებთან. ვფიქრობ, პროექტი გაამართლებს, რადგან დაინტერესება ძალიან დიდია“, – განმარტავს მაია ბიძინაშვილი.
სამომავლოდ, სათემო კავშირი „ნუკრიანი“ ტურისტული ჯგუფებისთვის თექის შემსწავლელი ვორქშოფების მოწყობასაც გეგმავს.
,,შენობაში განთავსებული იქნება სოციალური საწარმო ნუკრიანის სახელოსნოები, რადგან მათი ფუქნციონირება საკმაოდ წარმატებულია. წინ ბევრი საინტერესო და კარგი ამბავი გველოდება“, – აცხადებს მაია ბიძინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა. ხანძარი 400 კვ.მ-მდე ფართზე გაჩნდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. ერთ სივრცეში მდებარეობს იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა, ასევე, სოფლის ბიბლიოთეკა, სათემო ცენტრი „ნუკრიანი“ და ბანკის ფილიალი.