სტატიები

კახეთის დაბერებული სოფლები

ორ საყველთაო აღწერას შორის, ბოლო  ათ წელიწადში, კახეთის რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 14 800 მცხოვრებით არის შემცირებული.

კახეთის რეგიონის 338 სოფლიდან 57-ში, ანუ თითქმის ყოველ მეექვსე სოფელში, მუდმივი მოსახლეობა აღარ აღირიცხება, სამ სოფელში კი მხოლოდ თითო ადამიანი ცხოვრობს, – მონაცემები  საქსტატის 2024 წლის აღწერის მიხედვით  ამავე წლის 14 ნოემბრის მდგომარეობას ასახავს.  

თითო კაციანი  სამი სოფელი,  ბოჭორნა, ჩიღო და ჭეშო, თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  საქსტატის 2024 წლის აღწერით, თითოეულში მხოლოდ ერთი მუდმივი მცხოვრები აღირიცხა.

აღწერის შედეგებით, რეგიონის მოსახლეობა 2014 წელთან შედარებით 4,6 პროცენტით შემცირდა. დემოგრაფიულ სირთულეებზე მიუთითებს 2025 წლის სტატისტიკაც — კახეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 1 404-ით გადააჭარბა. ამ რიცხვების მიღმა სოფლების მცხოვრებთა ისტორიებია: დაცარიელებული სახლები, წასული ახალგაზრდები და ხანდაზმულები, რომლებიც დასახლებების მომავალზე წუხან.

2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი კახეთის მოსახლეობა დაახლოებით 300 ათას ადამიანს შეადგენდა. აქედან 229 300 სასოფლო დასახლებებში ცხოვრობდა, 70 700 — საქალაქო დასახლებებში. შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედისთვის სოფელი კვლავ ძირითადი საცხოვრებელი გარემოა.

დემოგრაფიული მდგომარეობის კიდევ ერთი მაჩვენებელი დაბადებასა და გარდაცვალებას შორის სხვაობაა. 2025 წელს კახეთში 2 610 ბავშვი დაიბადა და 4 014 ადამიანი გარდაიცვალა. წინა წელს დაბადებულთა რაოდენობა 2 934 იყო, გარდაცვლილთა — 3 942. ამგვარად, უარყოფითი ბუნებრივი მატება 2024 წლის 1 008-დან 2025 წელს 1 404-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მიგრაციას არ მოიცავს — მხოლოდ დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის სხვაობას ასახავს.

კახეთში სოფლების დაცლის პრობლემა წლების წინაც მწვავედ იდგა. „კახეთის ხმის“ საარქივო პუბლიკაციაში, რომელიც 2014 წლის აღწერის შედეგებს ეყრდნობოდა, რეგიონში 53 ნასოფლარი იყო დასახელებული. მათგან 51 ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა, უმეტესობა — თუშეთში.

სოფლების დაცლის კონკრეტულ სურათს აღწერდა „კახეთის ხმის“ 2017 წლის რეპორტაჟი ყვარლის მუნიციპალიტეტის სამი დასახლებიდან — მერქნისცერიდან, ხევღრუმიდან და გრძელჭალიდან.

8 წლის შემდეგაც მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.  იმ დროს მერქნისცერში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დარჩენილი, ხევღრუმაში ათამდე ოჯახი ცხოვრობდა, გრძელჭალაში კი — 28 ადამიანი. გრძელჭალის მცხოვრებთა დაახლოებით 90 პროცენტი 70 წელს არის გადაცილებული.

„სოფელში სამუშაო, სკოლა, ბაღი არ არის. გრძელჭალიდან ახალგაზრდობა წავიდა. კანტი-კუნტად მოხუცებიღა შემოვრჩით“, — ამბობდა  გრძელჭალის მცხოვრები ნაზო მთიულიშვილი.

დაცლილი სოფლების მთავარი პრობლემა ძირითადი მომსახურებებია — მაღაზია, ამბულატორია, საბავშვო ბაღი და სკოლა. მოსახლეობა წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის პრობლემებზეც ამახვილებს პრობლემას. ადგილობრივები ახალგაზრდების სოფლებიდან გადინებას სამუშაოსა და საცხოვრებელი პირობების ნაკლებობას უკავშირებენ.

რეპორტაჟში აღწერილი იყო სკოლის მოსწავლის ისტორიაც: იმხანად 17 წლის ივერი საფარაშვილს ლაფანყურის საჯარო სკოლამდე დაახლოებით ოთხი კილომეტრის ფეხით გავლა უწევდა. სამ სოფელში პირველად სამედიცინო დახმარებას კი ერთი ექთანი, იმ დროს 77 წლის იამზე საფარაშვილი, უზრუნველყოფდა.

ამ სოფლებშიდღევანდელი მდგომარეობა არ შეცვლილა.  ახალგაზრდები სოფლებს პერმანენტულად ტოვებენ, ხოლო მიზეზად  უმუშევრობას, ტრანსპორტზე, წყალზე, ბუნებრივ აირსა და სამედიცინო მომსახურებაზე შეზღუდულ წვდომას ასახელებენ.