თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი გამოიყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულ თანხაში შედის სხვადასხვა ტიპის ხარჯი, რომლებიც არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას ეხება.
”ამ თანხაში შედის არჩევნების მოსამზადებელი ხარჯები, მოხელეთა მომზადება-გადამზადება, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯები, რაც დაახლოებით ორი მილიონი ლარია, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება, რაც 7 მილიონი ლარის ფარგლებშია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ცესკო-ს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ცესკო-ს აპარატის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ხარჯები, კავშირგაბმულობის, კომუნალური, ტრანსპორტირების, ბეჭდვასთან და ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებული და სხვადასხვა ტიპის ხარჯი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხა, 39 მილიონი ლარი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის ჩასატარებლად არის განსაზღვრული, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი ხარჯები ხელახლა დაითვლება. ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ოლქში დადგება მეორე ტურის ჩატარების საჭიროება. დაფინანსების გეგმა ფინანსთა სამინისტროს წარედგინება და ამის შემდეგ მეორე ტურის ჩასატარებლად საჭირო თანხა გამოიყოფა”,– განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.