დამბალხაჭო – კულტურული ძეგლის სტატუსის უძველესი ფშაური დელიკატესი
2014 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უძველეს ფშავურ საკვებ პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატისი მიენიჭა. დღეისათვის ფშავსა და ფშავლებით დასახლებულ რეგიონებში კვალავაც შემორჩენილია დამბალხაჭოს წარმოების ტრადიცია. პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოს სკოლის მასწავლებელი მინარე ღუბიანურს დამბალხაჭოს ძროხის რძისგან იღებს. მინარე ფშაური კერძის დამზადებას კარაქის შედღვებით იწყებს, რომელიც დაახლოებით 1 საათი მიმდინარეობს.
“ჯერ უნდა მოვწველოთ ძროხა, გავაციოთ რძე, რომელიც უნდა მოვაგროვოთ სათავსოში. როდესაც დამჟავდება, რძემ უნდა მოიგდოს შრატი და ამის შემდეგ ის უკვე მზად არის შესადღვებად. შემდეგ ვდღვებავთ, ამოგვაქვს კარაქი, სადაც რჩება ჩუმა, რომელსაც ვაცხელებთ 50-60 გრადუს ტემპერატურაზე. აქედან კეთდება ხაჭო”, – განუცხადა knews.ge-ს მინარე ღუბიანურმა.
მინარე მიღებულ ხაჭოს გასაწურად ქსოვილის პარკებში ათავსებს. გაწურულ ხაჭოს მარილს უმატებს, ზელს, კვერებად აგუნდავებს და მზეზე აშრობს. გამშრალი ხაჭო გარედან ობის მოკიდებას იწყებს. საკვების დამზადების ბოლო ეტაპი მისი თიხის ქოთანში დავარგება ანუ როგორც ფშაველები იტყვიან დალბობაა.
“ხაჭო იწურება. გაწურულ ხაჭოს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვზელთ მარილთან ერთად, ვაკეთებთ პატარა კვერებს, ვაშრობთ, გამშრალ ხაჭოს ვალაგებთ ქოთანში, სადაც 1 თვე სჭირდება დასამზადებლად“, – ამბობს მინარე ღუბიანური.
დამბალხაჭოს ობი ტუბერკულოზის ჩხირებს შლის. დამბალხაჭოს საკვებად იყენებენ როგორც მშრალად, ასევე, მისგან ამზადებენ ხინკალს, ხაჭაპურს და სპეციფიკურ ფშავურ ხაჭოერბოს. ფშაველი ქალბატონო ამბობს, რომ დამბალხაჭოზე დიდი მოთხოვნაა და პროდუქტის ყიდვის მსურველები სახლში თავად მასთან მიდიან.
“დამბალხაჭოსგან შესაძლოა მომზადდეს ხინკალი, ხაჭაპური. ვისაც სურვილი აქვს რომ დამბალხაჭო შეიძინოს, სახლში მოდიან და ყიდულობენ. 1 კილოგრამ დამბალხაჭოს 30 ლარად ვყიდი”, – აღნიშნავს ღუბიანური.
მინარეს დამბალხაჭოს დამზადება ბებიამ ასწავლა. ის ცდილობს, რომ ფშავური კერძის წარმოების უძველესი ტექნოლოგია შეინარჩუნოს და ამავე დროს წინაპრებისგან მიღებული ცოდნა შთამომავლობას გადასცეს, რათა დამბალხაჭოს მომზადების ტრადიცია არ დაიკარგოს.