სტატიები

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კახეთში საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება

პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა 3 ორგანიზაციასთან, თელავში მდებარე ,,მედია ცენტრ კახეთთან“, ახმეტაში მოქმედ ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან“ და ,,სამოქალაქო ინიციატივასთან’’, რომელიც წნორში ფუნქციონირებს. 

პროექტის მენეჯერის, ზაალ ანჯაფარიძის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრებში ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია, რომელიც მეწარმეებს პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანაში დაეხმარება.

,,შევხვდით ადგილობრივ მეწარმეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. სოფლად მცირე მეწარმეებს სჭირდებათ მხარდაჭერა ახალ მოთხოვნებთან ადაპტირებაში. ასევე, გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი 3 ორგანიზაცისთან, რომელთა ბაზაზეც გაიხსნება საინფორმაციო რესურს–მაგიდები. ადგილობრივ მეწარმეებს, მცირე, მიკრო და საშუალო ბიზნესს საინფორმაციო რესურს–მაგიდები ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოარგონ თავიანთი წარმოება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეგულაციებს“, – განუცხადა knews.ge-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ, პროდუქცია გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ჩვენი ორგანიზაცია პროექტში ჩართულია როგორც პარტნიორი. ჩვენ თელავში ე.წ. დესკებს გავხსნით. ოფისში გვექნება შესაძლებლობა, მსურველებმა მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, როგორ გაიტანონ თავიანთი პროდუქცია ქვეყნის გარეთ და ამისთვის რა კონკრეტული რესურსები გამოიყენონ. კვალიფიციური თანამშრომლები გაუწევენ მათ საინფორმაციო მხარდაჭერას, რაც ამ სეგმენტისთვის ქმედითი დახმარება იქნება“, – ამბობს “მედია ცენტრ კახეთის” დირექტორი მაია მამაულაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დირექტორი როსტომ გაბისონია ამბობს, რომ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა და მეწარმეებმა პროდუქციის წარმოების დროს გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ.

,,დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების საკითხებს. ეს არის ისტორიული ხელშეკრულება, რომელიც ახალ შესაძებლობებეს აძლევს ქართველ ფერმერებსა და მცირე ბიზნესს რომ შეაღწიოს ევროპის ბაზარზე. ადგილობრივმა მოსახლეობამ, ფერმერულმა მეურნეობებმა, კოოპერატივებმა უნდა გაიგონ ის, რომ ჩვენ ვდგავართ განვითარების ახალ ეტაპზე და სურსათი ახალი სტანდარტების შესაბამისად უნდა აწარმოონ“, – აცხადებს როსტომ გაბისონია.

,,შეხვედრაზე გვითხრეს, თუ სად და როგორ შეიძლება დამატებითი და ამომწურავი ინფორმაციის მიღება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს პირდაპირ ბმაშია ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობასთან“, – აღნიშნავს კოოპერატივი “თაფლიანის” თავმჯდომარე ლალი სუხიტაშვილი.

რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტი ბორის რადიევსკი უკრაინულ ბაზარზე არსებულ საწარმოებს უწევს კონსულტაციას. იგი, ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ კოლეჯებსა და სასწავლებლებში მარკეტინგის სფეროში კვალიფიციურ სპეციალისტებს ვერ ამზადებენ. 

რეგიონში საინფორმაციო რესურს–მაგიდები სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოსახლეობასთან მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე.