სტატიები

ჩუმლაყში აგროტურისტულ ცენტრს წელიწადში 2 000–მდე ტურისტი სტუმრობს

რუაძეების ტურისტული მეურნეობა აერთიანებს კახურ ეზოს, საოჯახო მარანს და არყის სახდელ ე.წ. ზაოტს. ტურისტული ცენტრის ხელმძღვანელი სიმონ რუაძე ამბობს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აგროტურისტული მეურნეობა აერთიანებს დეკორატულ ეზოს, ხეივანს, მარანსა და არყის სახდელს. რუაძეებმა აღნიშნული საქმიანობა 2005 წელს დაიწყეს.
,,ჩვენთან ტურისტები ხშირად ჩამოდიოდნენ. მამაჩემი ფანდურებს თლიდა და ყიდდა. გარდა ამისა, ოჯახის ყველა წევრი ვმღერით, მე 5 ენაზე ვლაპარაკობ და სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ, აგროტურისტული ეზო გაგვეკეთებინა და ტურისტები მიგვეღო. ერთხელ საცდელად გამოგვიგზავნეს ტურისტების ჯგუფი და იმის მერე უკვე 12 წელია ამ მიმართულებით აქტიურად ვსაქმიანობთ. ტურისტები თითქმის მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ძირითადად, რუსეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან მოდიან. აქ მოსულ ტურისტს ვაცნობთ ქართული ტრადიციას: ვხვდებით ნაციონალური ტანსაცმლით, ხალხური სიმღერით, სპეციალურად შექმნილი ლანჩ–მენიუთი, რომელშიც ტრადიციული კერძები შედის და სხვა. შარშან 2000–მდე ტურისტი იყო ჩვენთან”,– განუცხადა knews.ge-ს სიმონ რუაძემ.
ცენტრი ტურისტებს, ასევე, ვაზის ჯიშებს, ქართული ტრადიციული კერძების დამზადების, ჭაჭის სახდელში არყის გამოხდის პროცესს და ალკოჰოლური სასმელის დეგუსტაციასაც სთავაზობს.
,,საცხოვრებელ სახლთან ახლოს გვაქვს პატარა ეზო, სადაც გვიდგას სხვადასხვა სახეობის ხილი, რომლის მოკრეფა და დაგემოვნება ტურისტებს თავადაც შეუძლიათ. გარდა ამისა, გვაქვს არყის სახდელი ,,სიმონაი ზაოტი“, სადაც ჭაჭას ვხდით. ტურისტებს, ასევე, ვთავაზობთ ჩვენ მიერ დაწურულ ღვინოს: საფერავს, და რქაწითელს, ვამზადებთ ლორს, ვაცხობთ პურს და ვავლებთ ჩურჩხელას. ყველა პროცსში ტურისტს შეუძლია თავადაც მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ უცხოელებს ვუქმნით ერთი კახური ოჯახის ცხოვრებაზე წარმოდგენას, ვაცნობთ, წინა წლებში სოფლებში ცხოვრების წესს, კერძების მომზადებისა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციას’’,– განაცხადა სიმონ რუაძემ.
აგროტურისტული მეურნეობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ 10–მდე ტურისტულ კომპანიასთან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული, რომლებიც უცხოელი ვიზიტორების ჯგუფს ეტაპობრივად უგზავნიან. 
,,ჩვენი საქმიანობით, ქართული კულტურით და ტრადიციით ტურისტების დაინტერესება დიდია. ერთი ტურისტი რომ ჩამოდის, შემდეგ ატყობინებს მეგობრებს, ნათესავებს და ისინიც მოდიან ჩვენთან. ძირითადად ტუროპერატორები გვიგზავნიან ხოლმე ტურისტებს, მაგრამ მათი გვერდის ავლით ბოლო წლებში ბევრი უცხოელი მოდის ჩვენთან. შორეული ქვეყნებიდანაც მოდიან. მაგალითად იყო შემთხვევა, რომ ტრინიდადიდან და ტობაგოდანაც იყვნენ სტუმრად ჩამოსულები’’. 
სიმონ რუაძე სამომავლოდ ბიზნესსაქმიანობის გაფართოვებას, საოჯახო მარნის სრული დატვირთვით ამუშავებას და ღვინის დიდი რაოდენობით წარმოებას გეგმავს.