ახალი ამბები

პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდება

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას ისახავს მიზნად. 
მათივე შეფასებით, აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა განაპირობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს. 
„როგორც ცნობილია, გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ერთჯერად პლასტიკის პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. ამასთან, პლასტიკის პარკი წარმოდგენს ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს. ვინაიდან პლასტიკის პარკების მოხმარება წარმოადგენს გლობალურ პრობლემას, მრავალმა ქვეყანამ შეიმუშავა გარკვეული რეგულაციები მათი მოხმარების შესამცირებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ.