ვიდეორეპორტაჟი

გავაზში კოოპერატივი ,,საბა” 10 სახეობის ხილს აწარმოებს

,,საბას“ ერთ–ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, წარმოება ევროკავშირის პროგრამა ENPARD–ის ხელშეწყობით გააფართოვა.

,,მეხილეობა კოოპერატივის ,,საბა“ მფლობელობაშია 63 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ხილის ბაღები – ვაშლი, ატამი, ბალი ალუბალი და ყურძენი, ასევე ვენახი. 20 ჰექტარზე გაშენებული გვაქვს თხილი და სხვა მრავალწლიანი ნარგავები. 2 წლის დავიწყეთ საქმიანობა 6 წევრით, ახლა ბევრი ვართ და საქმეც წინ მიდის. გარდა ტექნიკური დახმარებისა, მონაწილეობას ვიღებთ ევროკავშირის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ტენინგებში“, – აცხადებს knews.ge-სთან ალექსანდრე სოლოღაშვილი.

,,მერსი ქორფისის“ ენპარდის პროგრამის მენეჯერი გიგა სარუხანაშვილი ამბობს, რომ კოოპერაციული სისტემა სოფლის მეურნეობის გადარჩენა–განვითარებისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯია. 
,,ტექნიკური დახმარების თვალსაზრით, შევუძინეთ ტრაქტორი 50 ცხენის ძალიანი და 5 სხვადახვა სახის მისაბმელი. პროექტის რაოდენობამ ჯამში შეადგინა 55 ათასი ლარი, აქედან 37 ათას 500 ლარი იყო ევროკავშირის გრანტის თანხა, ხოლო 17 ათას 500 ლარი კოოპერატივის ფულადი თანამონაწილეობა. კოოპერაციული სისტემა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და გადარჩენის ერთ–ერთი გზა და საკმაოდ მძლავრი პრიორიტეტია. ,,საბა“ ერთ–ერთი საუკეთესოა, ერთობლივი ძალებით აწარმოებენ აგრომეურნეობას, ასევე არის საკმაოდ მძლავრი აქტივების მფლობელი კოოპერატივი,“ – ამბობს გიგა სარუხანიშვილი.

,,ენპარდის“ საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ხუნწარია აღნიშნავს, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა მრავალკომპონენტიანია. ერთ-ერთი პრიორიტეტი კი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. 
,,ენპარდის მეორე ფაზა საკმაოდ კომპლექსური და მრავალკომპონენტიანია. ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება, აქცენტი კეთდება სოფლის განვითარებაზეც. ეს მოიცავს ბევრად უფრო ფართო საკითხებს ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოციალური და მუნიციპალური სერვისები, და მთელი რიგი საკითხები, რომელიც ერთი მხრივ, ეკონომიკის დივერსიფიცირებას, და ასევე, მოსახლეობის ჩართულობასა და მათ თანამონაწილებას ამ პროცესებში უწყობს ხელს. უახლოეს მომავალში სოფლის განვითარების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება რაც თავისთავად ნიშნავს მეტი მუნიციპალიტეტის ჩართულობას ამ პროცესებში,“ – განმარტავს თამარ ხუნწარია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ბოლო წლებში ENPARD-ის დახმარება ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი იყო. იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. 
,,საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ამიტომ ვთვლით, რომ ENPARD-ის დახმარება სექტორისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება და მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. კოოპერატივები ვითარდება საქართველოში, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა. ეს სისტემა საჭიროა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მდგრადობისთვის. კოოპერატივი ,,საბა“ არის კარგი მაგალითი სხვა ადგილობრივებისთვის. სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უჩნდებათ მეტი მოთხოვნა და შესაძლებლობა სოფლის მეურნობის დარგში ჩართულობის კუთხით. ვხედავთ როგორ შრომობენ და აკეთებენ ისინი საქმეს, ბევრი იდეა მოდის ხალხიდან. ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას რადგან ვთვლით, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს იანოშ ჰერმანი.

მეხილეობის კოოპერატივი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასა და შემოდგომაზე ღვინის საწარმოს გახსნას აპირებს.