ქართველი დიპლომატები – ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს
„ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი – ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს, – ამის შესახებ 57 ქართველი დიპლომატის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, “ქართული ოცნება” პირდაპირ ესხმის თავს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, „რაც ქვეყანას ასუსტებს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“.
მათ საჯარო მოხელეებსაც მიმართეს და მოუწოდეს: „დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!“
„ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ ყოფილა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გზაგასაყარზე, მაგრამ არასოდეს ასე ნათელი და მორალურად ცხადი არ ყოფილა, თუ რა არის სწორი გზა.
„ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი. დღეს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არ არის მზად ევროკავშირისთვის, იღებს კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ არჩეულ კურსს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს გვაშორებს ევროკავშირს. მეტიც, დღეს “ქართული ოცნება” პირდაპირ თავს ესხმის ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – აშშ-ს და ევროკავშირს – რაც ასუსტებს ქვეყანას და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას.
ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა გაგვიღო კარი გაწევრიანებისთვის და მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე მხოლოდ 9 დათქმის შესრულება გვაშორებს. ევროინტეგრაციის გზა ნათელი და გასაგებია, “ქართულმა ოცნებამ” კი ამ გზას შეგნებულად გადაუხვია.
ამერიკელი სენატორების წერილი, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების წერილი, ევროკომისრის, ნატო-ს გენერალური მდივნის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და საქართველოს ბევრი სხვა მეგობრის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრები წუხან საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე.
ჩვენთვის, ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის დიპლომატებისთვის, რომლებმაც მრავალი წელი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას, სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დასავლეთიდან რუსეთისკენ. ამ ცვლილების შესაჩერებლად, ერთადერთი გზა არის ყველა პატრიოტი ადამიანის მხრიდან ხმის ამოღება, პროტესტის დაფიქსირება და უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირება.
გვსურს, შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს, საჯარო, თუ დიპლომატიურ სამსახურში, რომ ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც სიჩუმე უდრის თანამონაწილეობას, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული გზის დაცვა პასუხისმგებლობას და ვალდებულებასაც კი წარმოადგენს.
ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ გახდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების აქტიური თუ პასიური თანამონაწილე. მოგიწოდებთ – დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!,“ – აღნიშნულია განცხადებაში