სტატიები

ლაგოდეხში 1კგ. საზამთრო 15, ხოლო ნესვი 50 თეთრი ღირს

ფერმერები უხვ მოსავალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ 1 კილოგრამი საზამთროს ღირებულება 15–დან 20 თეთრამდე მერყოებს, ხოლო ნესვი კი 50 თეთრი ღირს. ისინი აღნიშნავენ, რომ დაბალი ფასის მიუხედავად პროდუქციის გაყიდვა მაინც უჭირთ და მოსავლის მოყვანისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებასაც ვერ ახერხებენ. 
„წელს ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა, მაგრამ ვერ ვყიდით. ძალიან დაბალი ფასია. 1 კილოგრამი საზამთრო 15–20 თეთრი ღირს და ნესვი – 50 თეთრი. ბანკიდან კრედიტი მაქვს აღებული, მოსავლის მოყვანისთვის გაწეულ ხარჯებსაც კი ვერ ვფარავ, მოგებაზე აღარ ვჩივი. ხარჯებს ვერ დაფარავს ვერც ერთი მებაღე, ვისაც საზამთრო ან ნესვი მოჰყავს“, – განუცხადა knews.ge–ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მცხოვრებმა ოთარ ქებაძემ. 
„საზამთროს რეალიზაციით შემოსული თანხა, არც იმდენია, რომ მთელი წელი უზრუნველად ვიცხოვროთ, თუმცა წელს ეგეც აღარ გვაქვს. 1 ჰექტარზე საზამთროს მოვლა 5000 ლარი დამიჯდა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ხარჯი ავანაზღაურო. 20 თეთრს ვეუბნებით და არავინ არ ყიდულობს. არ ვიცით რა იქნება“, – ამბობს სოფელ სანავარდოში მცხოვრები რეზო ბიძინაშვილი. 
ფერმერები მიუთითებენ, რომ მთავარი პრობლემა აზერბაიჯანის მიერ ავტომობილების იმპორტზე დაწესებული ევრო 4-ის სტანდარტია, რის გამოც, ადგილობრივები ვერ ახერხებენ მეზობელ ქვეყენაში მოსავლის გატანას და იძულებულები არიან, პროდუქცია გადამყიდველებს დაბალ ფასში მიჰყიდონ. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ საზამთროსა და ნესვის დაბალ ფასს მოზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქცია განაპირობებს. 
„აზერბაიჯანში საზამთროსა და ნესვის გატანა გამკაცრდა. ჩვენ აზერბაიჯანში მოსავალი ვეღარ გაგვაქვს. ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ საზამტრო 30 თეთრადაც ვერ იყიდება. გადამყიდველები ჩვენგან იაფად ყიდულობენ, რადგან იძულებულები ვართ საზამთრო დაბალ ფასად გავყიდოთ. კიდევ ერთი პრობლემაა, რომ საზამთრო და ნესვი მეზობელი ქვეყნებიდან შემოაქვთ და ამის გამო ადგილობრივი პროდუქცია ვერ იყიდება“, – აცხადებს სოფელ თამარიანის მცხოვრები რეზო ბიძინაშვილი. 
„ერთადერთი გამოსავალი საზამთროს ექსპორტია და სახელმწიფის ამ მხრივ ვთხოვთ დახმარებას. ეს ჩვენთვის სეზონური ბიზნესია და ამით მთელი წლის შემოსავალი უნდა ავიღოთ. თუ მოსავალს საშუალო ფასად მაინც ვერ გავყიდით, მთელი წელი შემოსავლის გარეშე დავრჩებით“ – აღნიშნავს ბექა რეხვიაშვილი. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ პროდუქციის ფასს ბაზარი არეგულირებს და მის განსაზღვრაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა, ხოლო სახელმწიფო ყველა პირობას ქმნის, რათა ექსპორტის პროცესი ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში შეუფერხებლად წარიმართოს.
„საქართველოს თურქეთსა და უკრაინასთან თავისუფალი, ხოლო დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთან შეღავათიანი ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ევროკავშირთან მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული რეჟიმი (DCFTA), რაც გულისხმობს საქართველოდან ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თავისუფალ შეღწევას ევროკავშირის ბაზარზე. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, აგრარული პროდუქცია მოსავლის აღების შემდგომ მოითხოვს პირველად დამუშავებას, რაც გულისხმობს მინარევებისაგან გაწმენდას, დახარისხებას, დაფასოებას, შეფუთვასა და ეტიკეტირებას. ინდივიდუალური მწარმოებლების, კერძოდ, ფერმერების შესაძლებლობები ამ შემთხვევაში შეზღუდულია, მაშინ, როდესაც თანამედროვე საბითუმო ბაზრებს აქვთ სრული მარკეტინგული ქსელი პროდუქციის შემდგომი რეალიზაციისათვის“, – განუცხადეს knews.ge–ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.