სტატიები

წელს ,,ყვარლის ედემი” მევენახეებისგან ყურძენს ჩაიბარებს

კომპანიის მენეჯერის, ალექსანდრე მაღრაძის ინფორმაციით, წელს 80 ათასამდე ბოთლი ღვინის წარმოებას აპირებს. 
,,70-დან 80 ათას ტონამდე ყურძნის საკუთარ მოსავალს ველოდებით. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს მრავალფეროვანი, ყურძენს მევენახეებისგანაც ჩავიბარებთ. წელს ღვინის დიდი რაოდენობის წარმოებას არ ვგეგმავთ და კვლავ ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებულნი. მომავალი წლისთვის კი გეგმაში 500 ათასი ბოთლი ღვინის დამზადება გვაქვს. სამომავლოდ კი ვაპირებთ ექსპორტზე გასვლას. ჩვენი ღვინოების ცნობადობა იზრდება, კომპანიამ ღვინის რეალიზება საკუთარი სასტუმროდან დაიწყო. ამ ეტაპზე ”ყვარლის ედემის” ბრენდის ქვეშ გამოდის 5 სახეობის ღვინო: ”საფერავი”, ”რქაწითელი”, ”კაბერნე”, ”ქისი” და ”მწვანე”. დამატებით ღვინის 2 ახალი სახეობის წარმოებას ვგეგმავთ,”- განუცხადა knews.ge–ს ალექსანდრე მაღრაძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით საფერავის ჯიშის ყურძენზე მიმდინარე წელს სუბსიდირება აღარ განხორციელდება. მევენახეები ღვინის ქარხნების იმედად არიან დარჩენილი.
,,გვაქვს მოლოდინები, რომ საფერავსა და რქაწითელზე არ გვექნება სუბსიდირება. ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიქმნა გარკვეული ინსტრუმენტები, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრი.

გურჯაანელი მევენახეები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სუბსიდირება აღარ განხორციელდება, ღვინის ქარხნები ყურძენს მიზერულ ფასად ჩაიბარებენ.
,,ჯერ რას გვაძლევდნენ თანხას და სუბსიდირება რომ გააქმონ, ღვინის ქარხნები განა რამდენს გადაიხდიან. მევენახეები ერთმანეთისაგან ვიგებთ, სად რა კომპანია იბარებს და რა ფასად, წინასწარ მაგასაც არ აცხადებენ. წელს უარესი იქნება, ბევრი აღარ ჩაიბარებს, სად წაიღონ ამდენი ღვინო, სად გაყიდონ. რომც ჩაიბარონ მიზერულიც არ იქნება ყურძნის ფასი და ატმის შემდეგ, ყურძენსაც გადაგვაყრევინებენ. ღვინის ქარხნებთან ყურძნით სავსე მანქანების რიგები დადგება და ნახევარ მოსავალზე მეტი ჩაბარებამდე დალპება”, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას გურჯაანში მცხოვრები დიტო მაისურაძე.

ექსპერტები სოფლის მეურნეობის საკითხებში მეღვინეებს ურჩევს, რომ მთავრობისაგან სუბსიდირება ყურძნის გადამუშავებაზე მოითხოვონ. დავით თამარაშვილის განმარტებით, ღვინის დაყენებით და შემდეგ მისი რეალიზაციით მეღვინე უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, ვიდრე ყურძნის ჩაბარებიდან მიღებული შემოსავლით.