განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრმა უნივერსიტეტებს მიმართა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციებს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა.
„ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით.
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას.
არსებული სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
14 მაისს საქართველოს 38-მა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც სწავლის პროცესის შეჩერებას გააპროტესტეს. ამ უნივერსიტეტებს არ შეუერთდა 11 უმაღლესი სასწავლებელი, რომლის ნაწილმა განცხადებები გაავრცელეს, რომ პროფესორ მასწავლებლების დამუნათება იმის გამო, რომ ისინი სტუდენტების პროტესტის მოზიარენი იყვნენ მიუღებელი იყო. რამდენიმე უნივერსიტეტმა კი სტუდენტებს გაცდენილი ლექციების აღდგენის შესაძლებლობა მისცა.