საგარეჯოში ფეიხოას, შინდის და ნესვის არყის წარმოება დაიწყება
საგარეჯოს რაიონის სოფელ მზისგულში ხილისა და ყურძნის გადამამუშავებელი კომპანია შენდება. საწარმოში, ასევე, დამზადდება ქლიავის, თუთის, ვაშლისა და ატმის არაყიც. როგორც პროექტის დირექტორმა დავით თოდუამ knews.ge–ს განუცხადა, პროდუქცია გამორჩეული იქნება უნიკალური გემოვნური თვისებებით, რომლითაც სხვა კომპანიების ნაწარს გაუწევს კონკურენციას.
„ბევრი კომპანია აწარმოებს არაყს, მაგრამ ჩვენი პროდუქცია იქნება განსაკუთრებული და გამორჩეული. ჩვენ რამდენიმე სახეობის ხილიგან დავამზადებთ არაყს. ჩვენ გვექნება ფეიხოას, შინდის, თუთის, მსხალის, ატმის და ნესვის არაყი. ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩავიბარებთ. გარდა ამისა, ხილისა და ყურძნის გადამუშავების საწარმო სხვა მიმართულებითაც იმუშავებს. მომსახურებას, სხვადასხვა სახის კონსულტაციას გავუწევთ მეღვინეებს და სურვილის შემთხვევაში ღვინოსაც გამოვუხდით“, – განუცხადა knews.ge–ს დავით თოდუამ.
კომპანია პროდუქციას საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. თოდუა ამბობს, რომ სამომავლოდ არაყს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც გაყიდიან. ერთი ლიტრი არყის ფასი 25 ლარი იქნება.
„ჩვენ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ სახის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. პირველ ეტაპზე არაყს თბილისის მაღაზიებში გავყიდით. შემდეგ წარმოებას გავზრდით და მთელ საქართველოს მოვიცავთ. სამომავლოდ კი პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე გავიტანთ, რადგან მსოფლიოში ხილის არაყზე მოთხოვნა დიდია. აქცენტს გავაკეთებთ ევროპის ბაზარზე. ISOS–ს საერთაშორისო სერტიფიკატი ჯერ არ მოგვიპოვებია, მაგრამ საწარმო ევოპული დანადგარებით უკვე აღვჭურვეთ“, – აღნიშნავს თოდუა.
კომპანია შამპანურის ბოთლში ლუდი დადუღებასაც გეგმავს. დავით თოდუას ინფორმაციით, ლუდის წარმოებისთვის ნედლეულს გერმანიიდან შემოიტანენ. ნახევარი ლიტრი ლუდი ბაზარზე 3 ლარად გაიყიდება.
„ძალიან მალე შამპანურის ბოთლში ლუდის დადუღებასაც დავიწყებთ. ეს არის მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგია. პროდუქტის დამზადების დროს გამოირიცხება ყოველგვარი მინარევები. ლუდი პირველ ეტაპზე მცირე რაოდენობით ჩამოისხმება“, – ამბობს დავით თოდუა.
კომპანია წარმოებისათვის საჭირო ხილის მოყვანას თავად გეგმავს და სამომავლოდ ხეხილის ბაღების გაშენებას დაიწყებს. „ჯორჯიან სპირიტ კომპანი“ ხილისა და ყურძნის გადამუშავების საწარმოს მშენებლობას ერთ თვეში დაასრულებს. სამშენებლო სამუშაოებითვის 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.