თხილის მწარმოებლებისთვის HACCP–ის სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდება
ცვლილებები თხილის ტექნიკურ რეგლამენტში 2018 წლიდან შევა.
სოფლის მეურნეობის მეურნეობის, ლევან დავითაშვილი განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებები ქართული თხილის მიმართ იმიჯს საექსპორტო ბაზრებზე საგრძნობლად გაზრდის.
,,საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილს ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია. შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და კარგი რეპუტაციის შენარჩუნების ხელშეწყობა. თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების მიზნით შექმნილია სათათბირო საბჭო, რომლის პირველი შეხვედრაც უკვე გაიმართა. სათათბირო საბჭო სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციისთვის წარმოადგენს ფორმალურ პლათფორმას. საქართველოსთვის თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო კულტურა და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, შესაბამისად, ამ კულტურის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესსექტორს შორის ამ მიმართულებით აქტიური და პირდაპირი კომუნიკაცია არსებული გამოწვევების დაძლევის და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
,,საქართველოში თხილის დარგის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ამის დასტურია ისიც, რომ წელს, თხილის მსოფლიო კონგრესზე ქართული თხილის შესახებ პირველი პრეზენტაცია გაკეთდა. 2021 წელს კი, თხილის მსოფლიო კონგრესის გამართვა საქართველოში იგეგმება. გვჯერა, რომ ამ პერიოდისთვის რეგულაციებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდება და ქართული თხილი პრემიუმ სეგმენტში გადავა. ეს შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის და როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის მომგებიანი იქნება“, – აღნიშნა მოწერელიამ.
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში წარმოებაში მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა (HACCP) რამდენიმე მეწარმეს აქვს დანერგილი. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვა ადგილობრივი მცირე მწარმობლებისთვის რთულია, თუმცა ის მაღალი ხარისხის პროდუქციის წრმოების გარანტია.
დედოფლისწყაროელმა მეწარმემ ბესიკ თოფჩიშვილმა, რომელსაც რძის გადამამუშავებელი საწარმო აქვს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვით სურსათის ეროვნული სააგენტოსგან უვადო აღიარება მოიპოვა.
,,მას შემდეგ, რაც ახალი სტანდარტები დავნერგეთ წარმოებაში, თანამედროვე დანადგარები შევიძინეთ და HACCP–ის სტანდარტები დავაკმაყოფილეთ, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. უფრო მეტი სუპერმარკეტიდან და მაღაზიიდან გვირეკავენ და ჩვენი პროდუქციის მათთან შეტანას გვთხოვენ’’, –განუცხადა knews.ge-ს ბესიკ თოფჩიშვილმა.