სტატიები

ფერმერი ქალი ყვარელში ეგზოტიკური ფრინველების მოშენებას შემოდგომაზე დაიწყებს

როგორც knews.ge-ს მამულაიძემ განუცხადა, ეგზოტიკური ფრინველების მოშენება აღნიშნული ფრინველების განსაკუთრებული გემოვნური თვისებების და ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნის გამო გადაწყვიტა. ფერმერი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ხოხბის 100 კვერცხს იყიდის. მამულაიძეს ყვარელში სამასკვერცხიანი ინკუბატორი აქვს მოწყობილი. 
“ოქტომბრიდან დავიწყებთ ეგზოტიკური ფრინველების მოშენებას. პირველ ეტაპზე ჯერ ცოტა რაოდენობის ფრინველს მოვაშენებთ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება შევიძინოთ. ჩვენ გვინდა, რომ ყვარელში მოვაწყოთ ღია ვოლიერი. აქცენტს ვაკეთებ ქართულ ჯიშზე. ეგზოტიკური ჯიშის ფრინველების მოშონება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ის გამოირჩევა გემოვნური თვისებებით. გნოლის, კაკაბისა და ხოხობის ოჯახურ პირობებში გაზრდა მათ გემოვნურ თვისებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. პროდუქცია სამონადირეო მეურნეობების გარდა ეგზოტიკური კერძებისთვისაც ძალიან კარგი იქნება. ვმონაწილეობ “აწარმოე საქართველოში” და თუ მოვიპოვებ დაფინანსებას, ეს იქნება წინაპირობა რომ, ეგზოტიკური ფრინველების მოშენებისათვის შესაბამისი პირობები შევქმნა”, – განუცხადა knews.ge-ს თამთა მამულაიძემ. 
ფერმერის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე პროდუქციას ყვარელში გაყიდის. თამთა მამულაიძე ამბობს, რომ ბიზნესსაქმიანობის დაწყებამდე ადგილობრივ ბაზარს გამოიკვლევს. 
“ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ არის ეგზოტიკური ფრინველების კვერცხები და რეალიზაცია რთული არ იქნება. პროდუქციას ყვარლის ბაზარზე გავყიდი. საქართველოს სხვა კუთხეში რეალიზაციას საწყის ეტაპზე არ ვგეგმავ, რათა ადგილობრივი ბაზარი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. ეს მნიშვნელოვანია ყვარელში ეკონომიკური განვითარებისთვის. სანა გაყიდვას დავიწყებ, ბაზარს აუცილებლად გამოვიკვლევ ეგზოტიკური ფრინველების რომელ პროდუქციაზეა მოთხოვნა”, – აღნიშნავს ფერმერი. 
 თამთამ ფერმერული საქმიანობის დაწყება პირველად 5 წლის წინ სცადა, თუმცა ექსპერიმენტმა არ გაამართლა. მეუღლისა და საკუთარი დანაზოგით სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოყვანა 12 ძროხის ხბო, რომელთაგან მხოლოდ 2 გადარჩა. ორი წლის წინ კი თანამედროვე ინკუბატორის მოწყობილობა შეიძინა. ინკუბატორში წიწილები 30 დღის განმავლობაში იჩეკება. 
,,ეს იყო მნიშვნელოვანი დანაკარგი და ჩემი პირველი ფერმერული საქმიანობის კრახი. თუმცა ყვარელში დილეტანტის თვალით დიდ რესურსს ვხედავდი. დროებით შევჩერდი, მაგრამ ფიქრი არასდროს შემიწყვეტია. ყველა გზა მაინც სოფლის მეურნეობამდე მიდიოდა. 2 წლის წინ კი ახალი იდეით, იგივე ფინანსური სახსრებითა და ენერგიით შევუდექი სრულიად განსხვავებულ საქმიანობას“.
თამთა მამულაიძე განათლების სამინისტროს ერთ-ერთ სააგენტოში მონიტორინგის სამსახურში მუშაობს. ის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრიც არის. 
ფერმერი სამომავლოდ გეგმავს, ყვარელში ახალგაზრდებისათვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სემინარები ჩაატაროს.