სტატიები

სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება

ამავდროულად იგეგმება პარლამენტში დაახლოებით ერთი კვირის წინ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვაცხადოთ მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მუხლზე. მორატორიუმი გამოცხადებული იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე. ამ დროში შეჩერდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ყოველგვარი გასხვისება. მოკლე ვადაში შემუშავდება ორგანულ კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში დაგეგმილ ჩანაწერთან შესაბამისობაში იქნება“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

მისივე ინფორმაციით, კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მესაკუთრე არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო.
კახელი ფერმერების ნაწილი მოსალოდნელ ცვლილებას დადებითად აფასებს. ადგილობრივების აზრით, სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით და მიწის დამუშავების პრობლემების თავიდან საცაილებლად სახელმწიფომ მორატორიუმი არ უნდა გამოაცხადოს. 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადება პირველი დადებითი ნაბიჯია. იმედია, მთავრობა ადექვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენ ინტერესებს გაითვალისწინებს. არ შეიძლება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება უცხოელებზე მრავალწლიანი იჯარით, რადგან მხოლოდ ჩვენ კი არა, ჩვენს მომავალს ვუქმნით საფრთხეს”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას გურჯანში მცხოვრები სოსო მწარიაშვილი.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადებას “ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ეკონომიკური ცოდნის დეფიციტის შედეგად მიიჩნევს. მისი განცხადებით, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უკრძალავს საკუთარ მოსახლეობას, რომ საჭიროების შემთხვევაში მიწა ყველაზე ძვირად დააფასოს.

„სინამდვილეში ასეთი გადაწყვეტილება მოქალაქეთა შეზღუდული რაოდენობისთვის, მდიდარი ქართველებისთვის პრივილეგიის მინიჭებაა. რადგან ყოველთვის ექნებათ შესაძლებლობა ბევრად იაფად იყიდონ მიწა ღარიბი ქართველისგან, ვიდრე სხვა შემთხვევაში იყიდდნენ. თუ უცხოელი მიწას ყიდულობს, ის იურიდიულად მაინც საქართველში რჩება, ზურგით ხო ვერ წაიღებს,“ – ამბობს შეშელიძე. 

საზოგადოებისთვის საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ირჩევდა შუალედურ მოდელს, რომლის მიხედვითაც უცხოელებზე მიწის მიყიდვა სრულად არ აიკრძალებოდა. 

,,კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ნორმა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ სათანადოდ მოხდეს ამ საკითხის ორგანული კანონით რეგლამენტაცია და უფრო მეტიც, უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რომლითაც სათანადოდ იქნება მოწესრიგებული ეს საკითხი. დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინეტერესები და, მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინეტრესები. ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი კონსიტუტუციის ახალი რედაქციითა და იმ კანონით, რომელსაც უახლოეს მომავალში მიიღებს პარლამენტს” – აღნიშნავდა knews.ge-სთან საუბრისას ირაკლი კობახიძე.
მორატორიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.