დანიის მთავრობამ ქართველი ფერმერებისთვის 29 800 000 კრონა გამოყო
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, დანიის სამეფოს გრანტის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა ფერმერების წახალისება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მათი ჩაბმა.
“შემოთავაზებული გრანტის თანხა დაემატება IFAD-ის ფინანსური მხარდაჭერით ამჟამად მიმდინარე “სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის პროექტს’’ და გაიხარჯება AMMAR პროექტის მიზნებისა და პროცედურების შესაბამისად. გამოყოფილი თანხიდან 27 მილიონ 965 ათასი დანიური კრონა გადაეცემა გრანტის მიმღებ-სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ფონდი დაიტოვებს 5%-ს, მილიონ 490 ათას დანიურ კრონას შეთანხმების ფარგლებში გაწეული ადმინისტრირების და ზედამხედველობის ხარჯების დასაფარად. ფონდი აგრეთვე დარჩენილ 345 ათას დანიურ კრონას გამოიყენებს სხვა ხარჯების ანაზღაურების მიზნით”, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
მისივე ინფორმაციით, დაფინანსების დროს უპირატესობა მიენიჭება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.
პროექტი 2019 წლის 31 დეკემბერს დასრულდება, ხოლო გრანტის დახურვის თარიღი კი 2020 წლის 30 ივნისია.