ბლოგები

სათემო ჯგუფები სოფლის განვითარებისათვის

ანა მარგველაშვილის ბლოგი

„X რაიონის სოფლების ცენტრალურ გზებზე, დაყრილია დიდი რაოდენობის ნაგავი, კონკრეტულად, პლასტმასისა და შუშის ბოთლები, პოლიეთინელის პარკები, სასოფლო-სამეურნეო წამლების ნარჩენები და ა.შ. ყოველდღიურად ნაგვის რაოდენობა იზრდება, რადგან მოსახლეობას არა აქვს ნაგვის გასატანად განკუთვნილი ადგილი.“

„X სოფელში  ენის სრულყოფილად არცოდნის გამო, შერეული ოჯახების წევრებს, ბავშვებს, ხშირად უძნელდებათ კომუნიკაცია . . .  ძნელდება ადაპტაცია გარემოსთან, რაც საგრძნობ პრობლემებს უქმნის მათ ინტეგრაციას საზოგადოებასთან“

„კოლექტიური დასახლების ადგილებში ცხოვრების პირობები უმეტესად მძიმეა. იძულებით ადგილნაცვალ პირთა უმეტესობა არის საომარი მოქმედების უშუალო შემსწრე, ზოგი მათგანი ძალადობის მსხვერპლია, მათ დაკარგეს საკუთრება, საარსებო წყარო და ამჟამად უმეტესობა დაუსაქმებელია; არ იციან თავიანთი სამოქალაქო უფლებები“

„X რაიონში მცხოვრები ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს თვითრეალიზაციას, რაც იწვევს იმედგაცრუებას.“

ქალები სახლიდან არ გამოდიან და არ არიან ჩართულები სოფლის ცხოვრებაში;

მაღალია ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი;

ახალგაზრდებისთვის არ არის ხელმისაწვდომი არაფორმალური განათლება;

სოფელში არ არის საჯარო თავშეყრის სივრცე;

სოფლად არ არის სტადიონი;

სოფლის ბიბლიოთეკაში წყალი ჩამოდის;

სოფლის საბავშვო ბაღს არა აქვს სველი წერტილი;

ნაგავს მიაქვს სოფელი;

მდინარე დაბინძურებულია;

ტყე უკანონოდ იჩეხება;

სოფლის სკოლასთან არ არის „მწოლიარე პოლიციელი“;

გლეხებს არა აქვთ საკმარისი სამეურნეო ცოდნა;

მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი;

მაღალია მიგრაცია სოფლიდან და ა.შ.

პრობლემაა? ნამდვილად არის. თან არა ერთი. ბევრი და მრავალფეროვანი. სასწრაფოდ მისახედი. ყველა იმსახურებს მაქსიმალურ ყურადღებას და მოქმედებას. ეს ქვეყანა ჩემთვის უპირველესად სოფლებია, იქ მაცხოვრებელი ხალხია, რომელთაც ისევე უნდათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, როგორც დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს. კარგი განათლება უნდათ თავიანთი შვილებისათვის, უსაფრთხო სასიცოცხლო გარემო, უკეთესი სოფელი უნდათ და უკეთესი ქვეყანა. ვის კომპეტენციაში შედის ამ საკითხებზე ზრუნვა?

ისე მოხდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა საგრანტო კონკურსის კომისიაში მომიწია ჩართულობამ: რეგიონებიდან შემოსულ მცირებიუჯეტიან საპროექტო წინადადებებს ვკითხულობთ და განვიხილავთ; საუკეთესოები ფინანსდება. კონკურსის პირობები სხვადასხვანაირია: ხან ზოგადად სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული, ხან თემატური და უფრო კონკრეტული: ახალგაზრდული, კულტურული, გარემოსდაცვითი, ინფრასტრუქტურული და სხვა.  მთავარია, იდეა თემის გაძლიერებას და მისი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უწყობდეს ხელს;

ეს პროცესი ჩემთვის ძალიან შემეცნებითი და სასწავლოა: ვკითხულობთ და ვეცნობით სათემო ინიციატივებს, სოფლის პრობლემებს და სატკივარს – მთელი საქართველოდან. სწორედ ამ შემოსული საპროექტო წინადადებებით ვიგებ, სად რა უჭირთ, რა აწუხებთ, რა პრობლემები აქვს თემს და როგორ ცდილობენ ადგილზე ერთეული ადამიანები ამ პრობლემებთან გამკლავებას. მადლობა ჩემგან ამ ადამიანებს, მიმოფანტულებს მთელ საქართველოში, რომ მიუხედავად დაბრკოლებებით სავსე გარემოსი, არ ნებდებიან და იბრძვიან უკეთესი გარემოსათვის. მათი არსებობა იმედით მავსებს.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე საგრანტო კონკურსების ფარგლებში განხორციელებული სათემო პროექტების სოციალური ეფექტურობის და მდგრადობის ერთიანი, განზოგადებული კვლევა არ ჩატარებულა, მაინც მუდმივად მაქვს განცდა, რომ ასეთი პროგრამა სამთავრობო (ცენტრალური თუ ადგილობრივი) დონეზე უნდა მოქმედებს. საკუთარი მუნიციპალიტეტის სათემო პრობლემების მოსაგვარებლად, მოქალაქეების ჩართულობისთვის და ახალგაზრდების გააქტიურებისთვის – სწორედ მუნიციპალური ხელისუფლება უნდა აცხადებდეს მცირებიუჯეტიან საგრანტო პროგრამებს (კანონით მუნიციპალიტეტებს გრანტის გაცემის უფლება არა აქვთ, მაგრამ თუ სათანადო ხედვა იქნებოდა, არ მგონია ეს მოუგვარებელი პრობლემა იყოს) და ახალისებდეს საკუთარ  მოსახლეობას ჩაერთოს სათემო, სასოფლო, რაიონული განვითარების პროცესებში.

ასეთი პროგრამის არსებობით (საგრანტო თანხა თითო პროექტზე მერყეობს 300 ლარიდან – 7000 ლარამდე) მუნიციპალურ ხელისუფლებას ყოველთვის კარგად ეცოდინებოდა, რა პრობლემებია სხვადასხვა სოფელში; ცენტრალური ხელისუფლება კი საქმის კურსში იქნებოდა რეგიონების საჭიროებების შესახებ და ინფორმაციას ის უშუალოდ სათემო ჯგუფებისგან (ეს ჯგუფები თავის მხრივ მჭიდრო კავშირში არიან სოფლის მაცხოვრებლებთან და მათ საჭიროებებთან) მიიღებდა და არა (ხშირად სრულიად არაკომპეტენტური) მუნიციპალური თანამშრომლების მიერ, ფორმალურად ჩატარებული (თუ საერთოდ ტარდება) საჭიროებების კვლევისა და სასოფლო კრებების შედეგად (ამ კრებების შესახებ ხშირად სოფლის მოსახლეობა საერთოდ არ არის სათანადოდ ინფორმირებული).

არ ვიცი როგორ ახერხებენ დამოუკიდებელი სათემო, საინიციატივო ჯგუფები ასეთი მაღალი ენთუზიაზმით მუშაობას და საკმაოდ მცირე თანხებით სოფლად უამრავი პრობლემის მოგვარებას (საბავშვო ბაღის შეკეთება, სპორტული დარბაზის და მოედნის მოწყობა, სკვერის მოწყობა, მცირე ფესტივალის ჩატარება, სპექტაკლის დადგმა, ახალგაზრდული ცენტრის გახსნა, არაფორმალური განთლება, ბიბლიოთეკების განახლება და სხვა უამრავი) და რატომ ვერ ახერხებს პრობლემებზე ასე ეფექტურად, მონდომებით რეაგირებას მუნიციპალური ხელისუფლება, რომელსაც ეს პირდაპირ ეხება? თუ რამე მეშლება და ადგილობრივი მმართველობის უმთავრესი ამოცანა საკუთარი თემის განვითარებაზე ზრუნვა არ არის?

300 ლარად რა უნდა გაკეთდესო? ასეთი კრიტიკული კითხვაც გამიგია. არადა ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის ეს თანხა საკმარისია და ამის მრავალწლიანი გამოცდილებაც არსებობს. ახალგაზრდები კი თვითონ გეგმავენ, აწყობენ ღონისძიებას, ერთობიან და უხარიათ. მათ სიხარულად ღირს მარტო მსგავსი პროგრამები, სხვა შედეგებს რომ თავი დავანებოთ. 2000 ლარის ფარგლებში კი მშვენივრად შეიძლება სკვერის კეთილმოწყობა და სხვა უამრავი საქმის გაკეთება.

მსგავს პროცესში გარდა მთავარი მიზნისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ თანხის მიმღები ჯგუფების კომპეტენცია, უნარები უმჯობესდება. მცირე ღონისძიების დაგეგმვითა და მცირე პროექტების განხორციელებით ადამიანები თავად სწავლობენ. მერე მათ, გაცილებით დიდი ღონისძიებებიც ჩატარებაც შეუძლიათ, სოფლის საჭიროებებსაც თავად უკეთ ეცნობიან და სასიკეთო ცვლილებების მოტივაციაც იზრდება.

მე რომ მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყო, დავინტერესდებოდი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ამ მრავალწლიანი და საინტერესო გამოცდილებით, შევისწავლიდი, მოვინდომებდი დამენერგა მსგავსი მიდგომა და ჩემი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მონაწილეობის, ჩართულობის, აქტიურობის, სწავლის, გართობის და საქმის კეთებით გამოწვეული სიხარულის საშულებას მივცემდი.

სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, მადლობელი ვარ ყველა იმ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის, ვინც მოქმედების, განვითარების, კეთების შესაძლებლობას აძლევს სოფლებში (ხშირად ყველასგან დავიწყებულ) მაცხოვრებელ, ძალიან მონდომებულ ადამიანებს.