ტურისტულ ადგილებში კვების ობიექტების კონტროლი მკაცრდება
,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარესტორნო ქსელი და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა. ჩვენ მივაწვდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩამონათვალს, თუ რომელი ადგილებია ყველაზე მეტად ტურისტებით დატვირთული და სწორედ იქ გააქტიურდება კონტროლი”, – აღნიშნავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ორ უწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას და ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.
“მემორანდუმის მიზანია – სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობით მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე ჩვენ ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების ინტერესები. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად გააკონტროლებს, თუ რამდენადაა დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში”, — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. წელს ექსპერტები ტურისტების რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ.