ბაჰრეინში ქართული ცხვარი გაიყიდება
საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნის ბაზრის გახსნა, სადაც დღემდე ქართული ცხვარი ექსპორტზე არ გასულა.
ბექა გონაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ქართულ ცხვარზე მოთხოვნა გაზრდილია.
,,შარშან მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები ვიყავით ბაჰრეინში და ეს საკითხი სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ. 2016 წელს ცხვრის ფასი საქართველოში ძალიან დაბალი იყო, რამაც ბევრს აუცრუა გული ამ საქმეზე. კიდევ ერთი მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ დოლის დროს მწყემსებს ძალიან ბევრი ბატკანი და დედა ცხვარი დაეხოცათ – ეს საკვების სიმწირის გამო მოხდა. ალბათ ამ მიზეზებმა იქონია გავლენა ცხვრის სულადობაზე. კარგი სიახლეა ის, რომ შარშანდელთან შედარებით მყიდველების სიმრავლე შეინიშნება. მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე 2015 და 2016 წლებში იყო. მართალია, იმდენი მყიდველი არ გვყავს, რამდენიც 5-6 წლის წინ გვყავდა, მაგრამ ქართულ ცხვარზე მოთხოვნა აშკარად მომატებულია. სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ უკვე გაიხსნა ბაჰრეინის ბაზარი. ამ ქვეყანაში ქართული ცხვარი ადრე არასოდეს გასულა. ახლა კი, მე თვითონ ვაგზავნი 1250 სულს. ამ ქვეყანაში შარშან მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები ვიყავით და ეს საკითხი სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ. მოთხოვნა სხვა ქვეყნებიდანაც არის, რაც იმედს გვისახავს, რომ ქართული ცხვრის ექსპორტი სამომავლოდ მოიმატებს, რასაც ფასის ზრდაც მოჰყვება”, – განაცხადა ბექა გონაშვილმა.