თელავში კამპანია #დაინახეყველაფერი პრეზენტაციას გამართავს
კამპანია მიმართულია შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის წინააღმდეგ.
კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.
,,კვირას 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნადიკვრის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე #დაინახეყველაფერი-ს სხვადასხვა ცნობიერების ასამაღლებელი სახალისო აქტივობა გაიმართება. დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებულ მითებსა და საპირისპირო რეალობას, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი ორგანიზაციის, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ასოციაციის სოციალური საწარმოს ბენეფიციარებთან ერთად სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშების შექმნაში, გადაიღონ სახალისო ფოტოები და შეუერთდნენ სადღესასწაულო ხმაურიან მსვლელობას, რომელიც დაიწყება 17:00 საათზე ნადიკვრის პარკიდან. 18:00 საათზე კი „ახალი თემი ქედელი“ და მათი ბენეფიციარები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები წარმოადგენენ ფოლკლორული მუსიკის კონცერტს,”- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
კამპანია #დაინახეყველაფერი თელავში გამართულ გარემოსდაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამოქალაქო აქტივიზმს შეუერთდება.