სტატიები

ივლისიდან შესაძლოა ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდოს

ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ განაცხადა.
„არის დეტალები დასაზუსტებელი, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაწილში. ამდენად, საჯარო სხდომებზე გვექნება უკვე სრულყოფილი, ამომწურავი, დასაბუთებული ინფორმაცია ყველა იმ კომპონენტზე, რომლის გათვალისწინებაც მოხდება ტარიფში”, – განაცხადა მილორავამ.
ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო ზრდაზე ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაზე. იგი, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიზნობრივი სუბსიდირების განხორციელებას აანონსებდა.
,,კომისიამ ყველა აბონენტისთვის ერთიანი ტარიფი უნდა დაადგინოს. ინფორმაცია არ გვაქვს, რამდენით გაიზრდება გაზის სამომხმარებლო ტარიფი ამ ეტაპზე. არ არის გამორიცხული, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გაძვირდეს, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება”, – ამბობდა კალაძე.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივ აირის ტარიფი კიდევ გაიზრდება, გადასახადის გადახდა ბევრი ოჯახისთვის შეუძლებელი იქნება.
,,ქვეყანაში რომ სოციალური ფონი უმძიმესია. ბუნებრივი აირის გადასახადი რომ გააძვირონ, შეძლებს ხალხი გადახდას? შემდეგ ელექტროენერგიის გადასახადასაც მოუმატებენ ფასს, იტყვიან, რომ ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების რეჟიმშია, ეს დაუშვებელია. ისედაც გაღატაკებულ ფენსა ზამთარში საჭმლისა და სითბოს გარეშე ტოვებენ? ისედაც ყველაფერი ძვირია, ხალხი ძლივს ირჩენს თავს”, – განუცხადა knews.ge–ს ლია პეტრიაშვილმა.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. 
,,გაჭირვებულ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ დახმარება, მთავარია, რამდენად ქმედით მექანიზმს შევიმუშავებთ. რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს საყოველთაო სუბსიდია”, – განმარტავს რევაზ არველაძე.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი თეთრით მოიმატებს ბუნებრივი აირის გადასახადი.