ახალი ამბები

ფოიერვერკის გამოყენების ნებართვას ადგილობრივი თვითმმართველობა გასცემს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დღისა და ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს, დაჯარიმებას პიროტეკნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურზეც გამოიწვევს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.
მოსალოდნელი ცვლილებები პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით.
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირისთვის კი ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება. 
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის. 2018 წლის 1-ელი აპრილიდან ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.