სტატიები

სტიქიის შედეგად განადგურებული მოსავალი და აუნაზღაურებელი ზარალი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა სოფლებში საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები დააზიანა.

,,ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ჰექტარი ვენახი დაისეტყვა. კომისია ზარალს დაითვლის და ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ”, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.

თელავის გარდა, ქარიშხალმა და სეტყვამ სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები და სოფლებიც დააზარალა. მოსახლეობა მომხდარზე ,,დელტას“ აკისრებს პასუხისმგებლობას და განმარტავს, რომ სეტყვისაწინააღდეგო სისტემამ გამართულად არ იმუშავა. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

,,ამ თვეში ძალიან დავზარალდით, გზებზე სეტყვა თოვლივით იდო. ყველაფერი გაანადგურა, ხეებს და ვაზს ფოთლებიც კი აღარ აქვს, მიწასთან გაასწორა ყველაფერი. ყოველთვის ვიგებთ ხოლმე, როცა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა რაკეტებს ისვრის, ახლა არ გაგვიგია ხმა. დახმარებას ვთხოვთ ხელისუფლებას“, – განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა მიშა ლალოშვილმა. 

სეტყვისსაწინააღდეგო სისტემის პრობლემებზე ოპოზიციაც საუბრობს. “ნაციონალური მოძრაობის”კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი რადარების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. 

,,სტიქიის შედეგად კახეთში დაახლოებით 30-მდე სოფელი დაისეტყვა. ამ ყველაფრის პარალელურად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2013 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერის ხელმძღვანელობით ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად გამოაცხადა ის, რომ სეტყვის საწინააღმდეგო აპარატები შეიძინეს და მასში 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. მას შეეძლო 95%-ით შეემსუბუქებინა სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი, თუმცა ამ წლებმა დაგვანახა, რომ დანადგარებს რეალურად არავინ იყენებს. ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებას ამ აპარატის ჭურვები საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ის რაოდენობა კი, რაც აქვთ, გამოუსადეგარია. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ გუშინ 6–ჯერ გაისროლეს, თუმცა ამან ღრუბელი ვერ გაფანტა“, – ამბობს ბოტკოველი. 

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში კი განმარტავენ, რომ ატმოსფერული პროცესების განვითარებისა და ღრუბელთა მასების გადაადგილების პარალელურად განუწყვეტელ რეჟიმში მიმდინარეობდა მათი სარაკეტო დამუშავება, რომელსაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და წვიმა. მოსახლეობა დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებას თხოვს. ისინი ამბობენ, რომ სტიქიამ ხეხილის ბაღებისა და ვენახების დაახლოებით 70% გაანადგურა.

,,დაზღვევა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეხლა კი პროგრამა რეალობაზე მორგებული არ არის, ამ მიმართულებით დაფინანსება არ უნდა შემცირებულიყო. აგროდაზღვევის სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს, რომ ყველას შეეძლოს მოსავლის დაზღევა. მთავრობის თანამონაწილეობაც მაღალი უნდა იყოს ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ. სოფლის მეურნეობის დარგი რომ გაძლიერდებოდა და გლეხი მყარად დადგებოდა ფეხზე, დახმარება საჭირო აღარ იქნებოდა. როგორც მევენახეობაში იყო სუბსიდირების პროგრამა, დაზღვევასაც მოუხერხონ რამე. მცირემიწიანი ფერმერები ისედაც ვერ დააზღვევენ მოსავალს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო და მშივრები ხომ არ დაიხოცებიან, ამ მიმართულებით მიდგომები უნდა შეიცვალოს, რათა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სიღარიბიდან ამოვიდეს“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის” მენეჯერი ლევან მაღრაძე აგროდაზღვევის პროგრამაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს. მაღრაძის ინფორმაციით, უწყება მონიტორინგს გაუწევს სუბსიდიის პროგრამაში ფერმერების მონაწილეობას. 

,,აგროდაზღვევის ახალი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სადაზღვევო კომპანიების შემფასებელი ექსპერტების გადამზადებაც. ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება გრძელვადიანი სტრატეგია და მისი მიღწევის გზები. სახელწმიფოს და კერძო სექტორის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ პროგრამაში უფრო მეტი ბენეფიციარი ჩაერთოს. ცვლილებების მიხედვით, ზარალების შეფასება ახლა ყველა კომპანიისთვის სტანდარტული იქნება”, – აღნიშნა მაღრაძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობის გამო ვერ დაეხმარება. იგი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევში თუ მოსავალი დაზღვეულია, მოულოდნელი რისკებისგანაც დაცულია. 

,,არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინები. მაშინ, როდესაც აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. საჭიროა სოფლის მეურნეობის ძირითად საშუალებებში ჩაიდოს ინვესტიციები სექტორის გასაძლიერებლად და არა ერთჯერადი დახმარებები”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2017 წლის ბიუჯეტში აგროდაზღვევის მიმართულებით დაფინანსება შემცირებულია. 2016 წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, წლევანდელ ბიუჯეტში კი 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

,,აგრო დაზღვევა არ იქნება სავალდებულო, მაგრამ პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევა, მათ შორის გაიზრდება დაფარვის მასშტაბი. ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს უფრო მეტად საყოველთაო. იგეგმება მთელი რიგი არსობრივი საკითხების დახვეწა, დაზუსტდება ტარიფები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან ხორციელდება.