ფერმერები აგროქიმიკატების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ
ისინი ამბობენ, რომ უხარისხო შესაწამლი ნივთიერებების გამო მოსავალი ყოველწლიურად უფუჭდებათ.
მევენახე ალუდა კაპანაძე ფიქრობს, რომ აუცილებელია რეგიონის ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში აგროქიმიკატების ხარისხის ლაბორატორიული შემოწმება.
,,სერიოზული პრობლემები გვექმნება, რადგან ეს საკითხი სრულიად უკონტროლოა. მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ვენახი შარშან გამიფუჭდა. ერთ–ერთი დიდი პრობლემაა უხარისხო აგროქიმიკატების გამოტანა ადგილობრივ ბაზარზე. პრობლემაა ის, რომ მევენახეებმა არ იციან, ვაზს და ხეხილს რა თანაფარდობით და რამდენჯერ სჭირდება შეწამვლა. აუცილებელია კონტროლი ამ კუთხით გამკაცრდეს და მევენახეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართოს’’, – განაცხადა ალუდა კაპანაძემ.
შექმნილ პრობლემებზე საუბრობს აგროქიმიკატების დისტრიბუტორი კომპანიის შპს ,,ფიერნას“ მენეჯერი. გივი რამაზაშვილის ინფორმაციით, წამლების ფალსიფიცირება სოფლებში მდებარე პატარა მაღაზიებში მიმდიანრეობს. რამაზაშვილი პრობლემიდან გამოსავალს აღნიშნული მაღაზიების საქმიანობის კონტროლის გამკაცრებაში ხედავს.
,,სანამ წამლობა დაიწყება, წამლის ხარისხზე კონტროლი მანამდე უნდა დაიწყოს. თუ კონტროლი ადგილებზე უნდა გამკაცრდეს, რადგან ვინც ინდ. მეწარმედ დარგისტრირდა, ყველამ წამლების გაყიდვა დაიწყო. ეს მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და ყველა მაღაზიას უნდა ჰქონდეს ლიცენზია, რომლის აღების დროს მათ, ასევე, უნდა აიღონ ვალდებულება მაღაზიაში მდგომი კონსულტანტის გადამზადებაზეც, რათა მან შეძლოს, რომ ფერმერებს ადგილზე გაუწიოს კონსულტაცია’’,– განუცხადა Knews.ge-ს გივი რამაზაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, 2012 წლიდან კახეთის რეგიონში მდებარე აგროქიმიკატების ხარისხის და სპეციალიზებული მაღაზიების მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.
,,ჩვენი მონაცემებით, კახეთის რეგიონში ფუნქციონირებს 92 მაღაზია, სადაც აგროქიმიკატები და პესტიციდები იყიდება. ძირითადად ვიღებთ საეჭვო წარმომავლობის პესტიციდების ნიმუშებს და მათ ლაბორატორიულად ვამოწმებთ. მწარმოებელი ფირმა გარანტიას იძლევა მხოლოდ იმ პესტიციდზე, რომლებიც არის ორიგინალ შეფუთვაში. თუ შეფუთვა დარღვეულია, იქ შეიძლება დაფიქსირდეს წამლის ფალსიფიცირება ან გადარევა სხვა პრეპარატებთან. პრობლემის მოსაგვარებლად ვაპირებთ, გავაძლიეროთ კონტროლი და ნიმუშების აღება’’, – განუცხადა knews.ge–ს ზურაბ ლიპარტიამ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით კახეთში დაიწყეს საინფორმაციო კამპანია, რაც მევენახეობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგულირებასთან და კონტროლთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მევენახეების ინფორმირებას ისახავს მიზნად. DCFTA საიფორმაციო ცენტრების პროექტის ხელმძღვანელის გიორგი ვეკუას ინფორმაციით, პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გურჯაანში უკვე გაიმართა.
,,მევენახეებს ინფორმაციას ვაწვდით პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაციის პრინციპებზე, პესტიციდების სარეალიზაციო ქსელზე, იმპორტზე, ხარისხის კონტროლსა და სხვა საკითხებზე. DCFTA საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ექსპერტი კი სისტემატიურად მართავს შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან და მუდმივად საქმის კურსშია მათთვის პრობლემატური საკითხების შესახებ. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში დაეხმარება. ეს კი ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა გიორგი ვეკუამ.