ვიდეორეპორტაჟი

,,სათბურის გოგოები” ზემო ალვნიდან

კოოპერატივის თავმჯდომარე დალი ვეშაგურიძე ამბობს, რომ სათბურის გახსნის იდეა სკოლაში შესვენების დროს დაებადათ, მაგრამ ხუთი პედაგოგიდან პროექტის წერა არცეთმა მათგანმა არ იცოდა, თუმცა დონორი ორგანიზაციების დახმარებით მალე ბიზნესსაქმიანობა დაიწყეს.

,,კოოპერატივი ,,ნერგები“ ENPARD-ის ფინანსური და ოქსფამის ტექნიკური მხარდაჭერით ჩამოვაყალიბეთ. 49 ათასი ევრო ითავლისწინებდა სოფლის მეურნეობაში აღორძნებას. იმ პერიოდში გამოცდილება იყო საშუალო, მაგრამ ყველას გვაქვს საკარმიდამო ეზოში ბოსტანი და მოგვყავს პროდუქტი. 2016 წლის თებერვლიდან დავიწყეთ ფუნქციონირება, გამოვიყვანეთ კიტრისა და პომიდვრის ჩითილები და შემდეგ ნერგები სათბურებში გადავრგეთ. ვაწარმოებთ ბიოპროდუქციას, რაც ძალიან შრომატევადია. როდესაც ტრადიციული მეთოდით მოყვანილი 1 კილოგრამი კიტრის ფასი 25 თეთრამდე ეცემა, ბიოლოგიური დაცვის საშუალებებით წარმოებული ჩვენი პროდუქტი ერთი ლარი ღირს. დაავადებებსაც ბიოპრეპარატებით ვმკურნალობთ. სულ გვაქვს 2 სათბური, თითოეული არის 450 კვ.მ. შარშან მოვიყვანეთ მაშა კიტრი, წელს კი დავამატეთ 2 სახეობა“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ვეშაგურიძე.

თინა ჯიხოშვილი აღნიშნავს, რომ სკოლასა და სათბურში მუშაობას კარგად უთავსებენ ერთმანეთს. ხუთი პედაგოგის დილა 6-დან 8 საათამდე სათბურში მუშაობით იწყება, 9 საათისთვის კი სკოლაში მიდიან.

,,ხუთიდან ერთს ეხერხება საზოგადოებასთან ურთიერთობა, მეორეს ბუღალტერია, მესამე გრნტს წერს და ასე შემდეგ. გრანტების წერის გამოცდილება არცერთს არ გვქონდა. ვესწრებოდით ოქსფამის ტრენინგებს, სადაც ბიზნეს გეგმის დაწერას გვასწავლიდნენ. შეძენილი ცოდნით საგრანტო კონკურსში გავიმარჯვეთ. გვამეცადინებდნენ მენეჯმენტში, მარკეტინგში, ბუღალტერიაში. სათბური ავაგეთ, წვეთოვანი სისტემა დავაყენეთ და საჩითილეც ავაშენეთ. სათბურში არის ვენტილაციაც“, – აცხადებს ჯიხოშვილი.

კოოპერატივის წევრები ირწმუნებიან, რომ სათბურში მოყვანილი ბოსტნეული, კიტრი და პომიდორი ეკოლოგიურად სუფთაა. დაავადებებს ბორდოს ხსნარით მკურნალობენ, ხოლო მცენარეებს კი ჭინჭრის ნაყენით კვებავენ. 

,,ყველაფერი ნატურალურია, დაავადებებს ბორდოს ხსნარით ვმკურნალობთ და მცენარეებს ჭინჭრის ნაყენით ვკვებავთ. ძირითადად ჩვენს სოფელში ვყიდით მოსავალს. პროდუქტზე მოთხოვნა იყო, მაგრამ მოსავალი ცოტა. გასული წლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ისევ სათბურს მოვახმარეთ, წელს მოსავალიც მეტი გვექნება და შემოსავალიც. ყველას გვინდა, რომ ვიკვებებოდეთ ეკოლოგიურად ბიულოგიურად სუფთა, ჯანსაღი ბოსტნეულით“, – აღნიშნავენ პედაგოგები. 

ფერმერები ფიქრობენ, რომ ქალთა სამეწარმეო შესაძლებლობები აქტიურად ვითარდება. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ეკონომიკური შესაძლებლობების ინდექსი ეტაპობრივად იზრდება. 

,,პირველ ეტაპზე პროდუქტს სოფლის მაღაზიებში ვყიდდით, არც გვქონდა მეტი პროდუქტი. წელს გვექნება მოსავალი და, სავარაუდოდ, რესტორნებს ჩავაბარებთ. ბოსტნეულის მსხომიარობა დაახლოებით 3 თვე გრძელდება. კოოპერატივის შექმნა გადავწვტეთ, იმიტომ რომ ხარჯი იყოს ნაკლები და ჩვენს შრომას ჰქონდეს ფასი. ვთვლით, რომ ეკონომიკურად აქტიური სამუშაო ძალა, მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს ქვეყნის განვითარებაში“, – განმარტავს ჯიხოშვილი. 

კოოპერატივის წევრების სამომავლო გეგმებში სასათბურე ბიომეურნეობის გაფართოება და თუშური სახლის გახსნაა.

,,სათბურთან ახლოს მე-19 საუკუნეში აშენებული ხის ჩუქურთმებიანი, ბუხრიანი ლამაზი სახლი დგას. გვინდა შევისყიდოთ და სხვადასხვა აქტივობა დავგეგმოთ. გვინდა, რამდენიმე ოთახი საცხოვრებლადაც მოვაწყოთ, სადაც ნებისმიერ მსურველს ჩვენთან ჩამოსვლა, გაჩერება, საქმეში მონაწილეობის მიღება და დასვენება შეეძლება“, – ამბობს ვეშაგურიძე.

საერთაშორისო ასოციაციის ,,ქალი და ბიზნესი“ გამგეობის თავმჯდომარე ნინო ელიზბარაშვილი მნიშვნელოვნად აფასებს სოფელში მცხოვრები ქალების ფინანსური მხარდაჭერასა და მათ ეკონომიკური გაძლიერებას. 

,,მოსახლეობამდე მიგვაქვს ინფორმაცია, როგორ შეიძლება შექმნან ქალმა და მამაკაცმა დოვლათი თანაბარ პირობებში და თავი დააღწიონ სიღარიბეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა ხელისშემწყობი პროექტები მიმდინარეობს მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის. გვინდა, ქალებმა იცოდნენ, როგორ დაიცვან უფლებები საკუთრების მხრივ და გაძლიერდნენ ამ მიმართულებით“, – აღნიშნავს ნინო ელიზბარაშვილი.