სტატიები

საგარეჯოში ორგანულ–მინერალური სასუქების წარმოება დაიწყო

კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ასლანაძე ამბობს, რომ საწარმო ამ ეტაპზე მცირე რაოდენობის პროდუქციას ამზადებს. სასუქების სერიულ წარმოებას კი 1 ივნისიდან გეგმავენ. მისივე განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს თხევადი ორგანულ-მინერალური სასუქების დამზადებასა და ადგილობრივი მეურნეებისთვის განსხვავებული და ეფექტური მცენარეთა გამოკვების საშულებების შეთავაზებას. 
,,პირველ ეტაპზე საგარეჯოში იჯარით ავიღეთ ფართი და გავხსენით საწარმო, შემოვიტანეთ ნედლეული და დავიწყეთ წარმოება. ამ ეტაპზე ერთი სახეობის სასუქს ჯერ მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ. ვაპირებთ წარმოების გაზრდას და ფერმერებითვის სხვა სახის პროდუქციის შეთავაზებას. ჩვენი პროდუქცია არის ორგანულ–მინერალური სასუქის შემადგენელი ნედლეული, რომელსაც ემატება ჰუმინური მჟავა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნიადაგის გაახალგაზრდავების პროცესს. ვიყენებთ კავიტაციის ტექნიკას, რომლის საშუალებითაც ვჭრით გრძელ უჯრედებს, რაც სასუქს ეფექტიანს ხდის. ჰუმინური მჟავის დამატება და კავიტაციის ტექნიკის გამოყენება არის პროდუქტში ის ინოვაციები, რომლებიც სასუქს ხდის ბევრად უფრო ხარისხიანს’’,– განუცხადა knews.ge–ს ლევან ასლანაძემ. 
კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორგანული სასუქების ფასი იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით დაბალი იქნება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 ლარით განისაზღვრება. 
,,აღნიშნული სასუქი არის ორგანულ-მინერალური. ორგანულის წარმოებას ადგილობრივი ნედლეულით დავიწყებთ, ხოლო მინერალურს იტალიიდან შემოტანილი პროდუქციით ვაწარმოებთ. ორგანულ-მინერალური სასუქი საქართველოში ძირითადად იმპორტირებულია და მისი ფასი 9-დან 15 ლარამდე მერყეობს. ჩვენი პროდუქტი, წინასწარი გათვლებით, 6 ლარზე ძვირი არ ეღირება. საწარმოში პირველ ეტაპზე 7 ადამიანია დასაქმებული”, – აღნიშნავს ასლანაძე.
მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 241 ათასი ლარია, საიდანაც „სტარტაპ საქართველოს” ინვესტიცია 96 000 ლარია, რომლითაც საწარმომ შესაბამისი დანადგარები შეიძინა. 
,,პროდუქცია პირველ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. პირველ ეტაპზე 25 ტონამდე ორგანულ-მინერალურ წყალხსნადი სასუქის წარმოება დაიწყება, სამომავლოდ კი მისი გაზრდა იგეგმება. ასევე დაგეგმილი გვაქვს პროდუქციის ექსპორტზე გატანაც. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც მიმდინარეობს. ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციით სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანია დაინტერესებული’’, – აცხადებს ლევან ასლანაძე.