სტატიები

თელავში სალათის ფურცლებისა და ჰოლანდიური პამიდვრის სათბური გაიხსნება

სულხანიშვილი სათბურში სალათის ფურცლებისა და ჰოლანდიური ჯიშის პამიდვრის მოყავანას გეგმავს. თესაუს ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ სასათბურე მეურნეობაში წვეთოვან სარწყავ სისტემას მოაწყობს. 
„ჩემს საცხოვრებელ სახლში, 80 კვ.მ. მიწის ფართობზე საკუთარი ძალებით საფუძველი ჩავუყარე შერჩეული კულტურების ბიოწარმოებას ღია გრუნტში, რომელიც ზამთრის პერიოდისთვის მიიღებს სასათბურე მეურნეობის სახეს. ამ ეტაპზე შევარჩიე ორი სახის სალათის ფურცელი: ლოლო როსა და ლოლო ბიონდა, რომლებიც უნუკალური შედგენილობის მქონე ჯიშებს წარმოადგენენ და რომელთა წარმოებაც შესაძლებელია სათბურის გათბობის გარეშეც, დიდ სათბურში მოწყობილი მცირე ზომის ე.წ. კვალსათბურებში. გარდა ამისა, შერჩეული მაქვს ჰოლანდიური წარმოშობის 3 ჯიშის პომიდორი და მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული პეკინური ჯიშის კომბოსტო, რომელიც სხვა ჯიშებთან შედარებით ხასიათდება ვეგეტაციის მოკლე პერიოდით (40 – 50 დღე). ანალოგურად მოკლევადიანი ვეგეტაციისაა სალათის ფურცლების აღნიშნული ჯიშებიც. 
ნიადაგის ხელოვნურ საფარად ანუ მულჩად ვიყენებ ნამჯას, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი მულჩის ერთ ერთ ყველაზე მიღებულ სახეობას ბიოწარმოებაში, რადგან ხელოვნური (პოლიეთილენის) მულჩისგან განსხვავებით იგი გარკვეულ წილად ამარაგებს ნიადაგებს მცენარეთა ზრდა განვითარებისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებით. ბუნებრივია მოეწყობა წვეთოვანი მორწყვის სისტემა, რაც საშუალებას მომცემს, მორწყვითი მელიორაციის გარდა, მცენარეებს ფესვთა სისტემაში ბიოსასუქის სახით მივაწოდო საკვები ნივთიერებები“, – აცხადებს knews.ge–სთან საუბრისას ნიკოლოზ სულხანიშვილი. 
ფერმერი პროდუქციას მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის ტექნოლოგიით აწარმოებს. ნიკოლოზ სულხანიშვილის განმარტებით, წარმოებაში დაცვის ბილოგიური საშუალებების დანერგვა ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქტის მოსაყვანად ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა. 
„საქართველოში, სოფლის მეურნეობაში აქტიურად იყენებენ მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებებს, რომლებსაც შპს ბიოაგრო აწარმოებს. ბიოსაშუალებების დანერგვის ერთ–ერთი მიზანია უსაფრთხო და უკეთესი პროდუქტის მოყვანა. გარდა ამისა, შხამქიმიკატების ინტენსიურად გამოყენება მავნებლებისა და დაავადებების არა შემცირებას, არამედ ზრდას იწვევს. ფერმერები იძულებილი ხდებიან, დიდი რაოდენობით გამოიყენონ ქიმიური პესტიციდები, რის შედეგადაც სულ უფრო და უფრო ვანადგურებთ ჩვენს მიწა-წყალსა და ჯანმრთელობას. სწორედ ეს ფაქტორია ყველაზე გადამწყვეტი და განმსაზღვრელი მსოფლიოში ბიომიმართულების ინტენსიური განვითარებისა. ბიოლოგიური მეურნეობა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მოწესრიგებული სისტემაა, რომელიც მოიცავს მეურნეობის დაგეგმვის, მართვის და პროდუქციის წარმოების მეთოდებს. რაც ხელს უწყობს ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას, როდესაც შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა“, – აღნიშნავს სულხანიშვილი. 
თესაუს ასოცირებული პროფესორი სასათბურე მეურნეობის უპირატესობაზეც ამახვილებს ყურადღებას. 
„თანამედროვე სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სასათბურე მეურნეობების განვითარებას, რადგან ნაყოფიერი მიწების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად მცირდება. ამას კიდევ ემატება ის გარემოება, რომ ნიადაგების გამოფიტვის და დეგრადაციის პროცესების გარდა, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 300 – 400 კვ.კმ. იკარგება ყოველწლიურად სხვადასხავა შენობის და გზების მშენებლობით. მოსახლეობის რაოდენობა და შესაბამისად მათი მოთხოვნილება საკვებ პროდუქტებზე კი ყოველწლიურად მატულობს და სწორედ ამიტომ გასაგებია სასათბურე მეურნეობებისადმი გაზრდილი ინტერესი. სათბური თუნდაც გათბობის სისტემის გარეშე წელიწადის 12 თვიდან 9 – 10 თვე შერჩეული სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების საშუალებას იძლევა. ეს ფერმერს შესაძლებლობას აძლევს მოკლევადიანი (2 – 3 თვიანი) ვეგეტაციის მქონე კულტურების შერჩევის შემთხვევაში მიიღოს 2, 3 ან ოფრო მეტი სახის პროდუქტი“, – ამბობს ნიკოლოზ სულხანიშვილი.