ვიდეორეპორტაჟი

ინფორმირებული მედია აგროჟურნალისტიკის განვითარებისთვის

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 9 რეგიონიდან ადგილობრივი მედიის 25 წარმომადგენელმა, რომლეთა ინტერესის სფერო სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქებაა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან პროექტი ,,მოლი კახეთში“, პროფესიული კოლეჯი „აისი“ და კომპანია ,,კარტლის აგროსისტემები“.

საქართველოში აგრომედიის როლი იზრდება. აგრომიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების განცხადებით, სოფლის მეურნეობის საკითხები აუდიტორიის დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ჟურნალისტების კვალიფიკაცია და გამოცდილება. 

,,ჟურნალისტები როდესაც ფეხდაფეხ მივყვებით სიახლეებს, ხალხამდე ინფორმაციის მიტანა ადვილია. ამ კონკრეტულ სფეროში ჩვენი ინფორმირებულობის დონე მაღლდება მსგავსი ტიპის სემინარებში მონაწილეობისას. დიდი მნიშნელობა აქვს მედია ტურებს მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, სადაც თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ნაზავია, ჩვენი ინფორმირებულობის დონე მაღლდება. ვეცნობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ სიტუაციას აგრომიმართულებით“, – ამბობს knews.ge-სთან ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის გადაცემა აგროსექტორის წამყვანი მარიამ სოლოღაშვილი.

,,აგრარული ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად, გლეხი უნდა ფლობდეს ინფორმაციას. ჟურნალისტებმა უნდა მივაწოდოთ სიახლეების შესახებ ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს. ასეთი ტრენინგები ერთი ნაბიჯით წინ გვწევს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ჩართულობა და აქტიურობა ამ კუთხით“, – აღნიშნავს ქუთაისის რეგიონული გაზეთის პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტი მეგი კაკაბაძე.

,,სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშნელოვანია ჟურნალისტების მაღალი ჩართულობა, რათა მოხდეს ფერმერების უკეთ ინფორმირება. მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან ჩვენ თავად ვსწავლობთ ბევრს, მათ შორის, იმას, თუ როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია დარგში დასაქმებულ მოსახლეობას“, – აცხადებს თრიალეთის ექსპრესის მთავარი რედაქტორი ნაზი მეშველიანი.

აგროჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის განვითარებაში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია. ისინი ამ მიმართულებით მედიის წარმომადგენლების განათლებაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

,,ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დარგია აგროჟურნალისტიკა. აუცილებელია ფერმერების, მევენახეების, ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირება. აგროჟურნალისტიკის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ამას სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი. ადგილობრივი მედია მეტ დროს უთმობს დარგის შესახებ საუბარსა და მასალების მომზადებას. როგორც აგროჟურნალისტი ხშირად გარკვეულ საკითხებზე არ ვარ ინფორმირებული, რაც ხელს მიშლის საკითხის დეტალურად გაშუქებაში კონკრეტული საკითხის გარშემო“, – აღნიშნავს აჭარის ტელევიზიის გადაცემის ,,მე ვარ ფერმერი“ წამყვანი ლალა ფაღავა. 

,,აგროჟურნალისტიკა გახდა საჭირო დარგი, სადაც არსებობს მოთხოვნა არსებობს მიწოდებაც. გაჩნდა საკითხი კომპეტენციის ამაღლებაზეც. მხოლოდ ჟურნალისტის უნარ–ჩვევები არ არის საკმარისი იმ მოცულობითი დარგის გასაშუქებლად, რასაც სოფლის მეურნეობა ჰქვია. იმისთვის, რომ დარგში დასაქმებულებამდე ინფორმაცია დროულად მიიტანო, მოითხოვს ჟუერნალისტის განათლებას ამ სფეროში. ჩვენ გვაქვს ჩვენი მცირე წვლილი შეტანილი დარგის განვითარებაში, რადგან ეს არის უკვე კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება. ინფორმაცია მიაქვს მარტივ და გასაგებ ენაზე დარგში დასაქმებულებამდე. ასეთი შეხვედრები დაეხმარება ჟურნალისტებს პროფესიულ ზრდაში“, – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის ,,ფერმა“ და რადიოგადაცემა სოფლის დილის ავტორი და პროდიუსერი თამარ ბოლქვაძე.

შეხვედრის ორგანიზატორმა და ინიციატორმა სემინარის მონაწილეებს აგროჟურნალისტიკისა და მისი როლის, ასევე, საერთოშორისო გამოცდილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მაია მამულაშვილმა სამხრეთ აფრიკაში გამართულ აგროჟურნალისტთა საერთაშორისო კონგრესზე მიღებული გამოცდილება და ცოდნა კოლეგებს გაუზიარა. 

,,აგროჟურნალისტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ახალი დარგი. როგორც ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით მივხვდით, ჟურნალისტებისთვის საკმაოდ სისხლხორცეულია აგროსაკითხები, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი პროცენტი ჩართულია და დაინტერესებულია აგროპროდუქტების მოყვანით. შეიძლება თვითონ არ აწარმოებდეს, მაგრამ როგორც მომხმარებელი ჩართულია და აინტერესებს ეს საკითხები. საბოლოო ჯამში მინდვრიდან სუფრამდე – ამ პროცესის გაშუქება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი, ვინც უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით და უნდა ინფორმაციის მიღება, უკეთესი ხარისხის ინფორმაციის შექმნა, გავერთიანდით იმისათვის, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ ხარისხიანი ჟურნალისტიკა და ფერმერმა მიიღოს უკეთესი პროდუქტი, მეტი ინფორმაცია. ინფორმირებული მოქალაქე არის ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი“, – აცხადებს გაზეთ ,,კახეთის ხმის“ რედაქტორი, მაია მამულაშვილი.

,,დაახლოებით, 2 წელია ვთანამშრომლობთ კახეთის ხმასთან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. აგროჟურნალისტიკის მხარდაჭერა გახდა ჩვენთვის პრიორიტეტული, რადგან მნიშვნელოვანია ფერმერებამდე მივიდეს ის უახლესი ტექნოლოგიები, რისი დახმარებითაც შეიმსუბუქებენ შრომას. მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მიაწოდოს ფერმერს ჟურნალისტმა ინფორმაცია, რა უნარ–ჩვევებია ამისთვის საჭირო მარტივად და გასაგებად“, – ამბობს კარტლის აგროსისტემების პიარ–მენეჯერი ნინო ბიჩინაშვილი.

,,პროექტი „მოლი კახეთში“ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში ჰექსჰეფერის ორგანიზაციის ოფისის მეშვეობით შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით. ჩვენი მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის საარსებო პირობების გაუმჯობესება, ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება. ფერმერების მეტი ინფორებულობის კუთხით ვთანამშრომლობთ რეგიონულ მედია ორგანიზაციებთან, რათა მათ უკეთ წარმართონ საკუთარი მეურნეობები. ჩვენ მხარს ვუჭერთ აგროჟურნალისტიკის განვითარებას, რადგან კონკრეტული პროფესია დღესდღეობით არ არსებობს. ჟურნალისტები რომ უფრო სიღრმისეულად მუშაობდნენ აგრომიმართულებით და მედიაპროდუქტის მომხმარებელიც უფრო ინფორმირებული იყოს, ,,კახეთის ხმას“ ხელი შევუწყეთ, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართულ აგროჟურნალისტთა საერთაშორისო კონგრესზე მიეღო მონაწილეობა. შედეგად მონაწილე უზიარებს თანამშრომლებს ცოდნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს პროექტის ,,MOLI კახეთში“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნესტან მერმანიშვილი. აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარებისთვის დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. ჟურნალისტები ერთმანეთს მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ და საერთაშორისო აგროგაერთიანებების გამოცდილებას დაეყრდნობიან აგროჟურნალისტის განვითარებისა და თანამშრომლობის მიზნით.